Thumbnail

ტიერი ანრი: მესი პსჟ-ში იზოლირებულია და პასს იშვიათად აძლევენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ლეო გუნდისგან გარიყულივითაა, ახლანდელი პსჟ მბაპესია'
  • ტიერი ანრიმ არგენტინელი ფორვარდის შესახებ ილაპარაკა

საფრანგეთის ნაკრების ექს-ფორვარდი ტიერი ანრი იმ სიტუაციას გამოეხმაურა, რომელიც პსჟ-ში ლიონელ მესის გარშემო არის შექმნილი. არგენტინელი ფორვარდი პარიზულ გრანდში დიდი იმედებით გადავიდა, თუმცა, ჯერჯერობით, გაცემულ ავანსებს ნამდვილად ვერ ამართლებს.

“მესი გუნდისგან გარიყულივითაა და ბურთს იშვიათად იღებს. ვერ ვიტყვი, რომ ის პსჟ-ში თავს ცუდად გრძნობს, თუმცა, ფაქტია, რომ გარკვეულწილად იზოლირებულია. პირადად, გაცილებით მომწონს, როდესაც ლეო ცენტრში მოქმედებს. ვერ ვიტყვი, რომ მარჯვენა ფლანგიდან მას რაიმე სხვაობის შექმნა შეუძლია. ყველაზე წარმატებული პერიოდი ნამდვილად არ აქვს, ცენტრიდან კი, ალბათ, საჭირო რიტმს შექმნის. ისეთი სქემა უნდა იქნას შერჩეული, რომელიც მესის, ნეიმარისა და მბაპეს სრულად გამოყენების საშუალებას მოგვცემს. ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ მეჩვენება, რომ ისინი მოსალოდნელად ეფექტურები არ არიან. იგივე ლეო შეტევაში სათანადოდ ჩართული ვერაა. ახლანდელი პსჟ მბაპეს გუნდია. სწორედ მისი წყალობით მიდის გუნდი წინ და გასაკვირი არაა, რომ ყველაზე მეტ პასს აძლევენ. პსჟ-ში მხოლოდ ერთი დირიჟორი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდს საჭირო ტემპის შენარჩუნება უჭირს. ამ პსჟ-ში კი საჭიროზე მეტი დირიჟორია”, - განაცხადა ანრიმ.

ცნობისთვის, 34 წლის არგენტინელმა ფორვარდმა საფრანგეთის ლიგა 1-ში უკვე 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა, აქტივში არც გოლი აქვს და არც – საგოლე პასი. ამ დროისთვის, მესის პარიზელთა მაისურით მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში აქვს გატანილი. ლეომ თავი გამოიჩინა მანჩესტერ სიტისთან და დუბლი შეასრულა ლაიპციგთან შეხვედრაში.

კომენტარები

ბოლო ამბები