Thumbnail
  • 📅 26 ოქტომბერი | ⌚ 20:15 | 🤽‍♂ ოლიმპიაკოსი V დინამო თბილისი | 📺 მე-2 არხი
  • ქართული კლუბის პირველი მეტოქე ბერძნული გრანდი იქნება

წყალბურთის კლუბი დინამო თბილისი საბერძნეთში იმყოფება, სადაც 26 ოქტომბერს პირეოსის ოლიმპიაკოსთან მატჩით გახსნის ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ამჯერად, შეჯიბრში მონაწილეობას 16 ევროპული კლუბი მიიღებს, რომლებიც ორ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი.

დინამო თბილისი A ჯგუფშია, სადაც პირეოსელთა გარდა, მეტოქეებად ტელეკომი (უნგრეთი), ბარსელონა (ესპანეთი), ბეოგრადი (სერბეთი), რადნიჩკი (სერბეთი), ბრეშია (იტალია) და იადრანი (ხორვატია) ეყოლება.

B ჯგუფი პრო რეკომ (იტალია), დუბროვნიკმა (ხორვატია), ვასპომ (გერმანია), მარსელმა (საფრანგეთი), შპანდაუმ (გერმანია), სტიაუამ (რუმინეთი), ბუდაპეშტმა (უნგრეთი) და ცრვენა ზვეზდამ (სერბეთი) დააკომპლექტეს.

ჯგუფური ეტაპის მატჩები, რომლებიც 26 ოქტომბრიდან 15 ივნისამდე პერიოდშია დაგეგმილი, მიმოსვლითი სისტემით ჩატარდება, რვათა ფინალი კი სერბეთში 30 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში შედგება. რადგანაც ფინალური ტურნირის მასპინძლად ბეოგრადი დასახელდა, A ჯგუფიდან საგზურს 3 საუკეთესო მიიღებს, B-დან კი – 4.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისის წყალბურთში ყველაზე პრესტიჟულ ევროტურნირში უკვე მე-3 სეზონს იწყებს და თუკი სადებიუტო ტურნირში მხოლოდ 1 გამარჯვება ჰქონდა, მე-2 ცდაზე უკვე 2 გამარჯვება იზეიმა. ცხადია, რომ მოახლოებულ ტურნირში უმთავრესი მიზანი არსებული შედეგის გაუმჯობესება იქნება.

ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე (ტელესკოლა) იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები