Thumbnail

ურთულესი მოგება კარენო ბუსტასთან - ბასილაშვილი ვენის ტურნირის მერვედფინალშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:5, 4:6, 6:3 პაბლო კარენო ბუსტა
  • დრამატული მატჩი ორ საათსა და 31 წუთს გაგრძელდა

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 1 515 215 ევრო) პირველი წრე დასძლია, თუმცა კი, ურთულესი დაპირისპირება გადაიტანა. ბასილაშვილი Erstebankopen-ის საწყის რაუნდში მსოფლიოს მე-18 ჩოგან პაბლო კარენო ბუსტას გაეჯიბრა და მართალია, ფავორიტად არ მოიაზრებოდა, 2 საათსა და 31 წუთში 7:5, 4:6, 6:3 მოიგო.

საინტერესოა, რომ პირველ სეტში ესპანელი ჩოგბურთელი მცირედით უკეთ გამოიყურებოდა და ერთბაშად 5 ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა, ნიკოლოზმა ყველა მოიგერია, თავად კი, 6:5-ზე სამმაგი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, პირველივე შანსი გამოიყენა და მნიშვნელოვანი უპირატესობა მიიღო.

მე-2 სეტის სტარტზე ესპანელმა ჩოგბურთელმა 2 ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა, სეტის ბედი კი მე-9 გეიმში გადაწყდა, როდესაც პაბლომ ერთბაშად 5 ბრეიკ-პოინტი მიიღო და ბოლო-ბოლო ნიკას მოწოდების აღება შესძლო. საინტერესოა, რომ მომდევნო გეიმში ბასილაშვილი 40:0 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ესპანელმა ზედიზედ 5 გათამაშება მოიგო და სეტი სათავისოდ დაასრულა.

მე-3 სეტის შუაწელს მეტოქეებს თითო ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, თუმცა, მოწოდების აღება ვერცერთმა მოახერხა. სამაგიეროდ, 4:3-ზე ნიკამ თავისი შანსი უკვე გამოიყენა, ბრეიკით დაწინაურდა, მოწოდება ნოლზე მოიგო და სეტში 6:3 იმარჯვა, რაც თამაშის მოგებას ნიშნავდა. საინტერესო იყო სიახლეც, რომლის მიხედვითაც ტურნირის ორგანიზატორები მონაწილეებს მათ მშობლიურ ენაზე ამხნევებდნენ. შესაბამისად, ნიკას სკამთან ეწერა: "წარმატებები, ნიკოლოზ!".

ქართველმა ჩოგბურთელმა 9 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (ესპანელს, შესაბამისად, 12 და 2), ვინერსებში თანაფარდობა (32:32) იყო, უნებლიე შეცდომები ნიკას მცირედით მეტი (25:20) ჰქონდა, ბადესთან კი 6-დან 5 გათამაშება დაასრულა სათავისოდ. ნიკოლოზმა პირველ მოწოდებაზე გათამაშებების 74% (73-დან 54) მოიგო, მეორეზე კი – 50% (44-დან 22). ბასილაშვილმა 9-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება ერთხელ (პაბლოს 11 ბრეიკ-პოინტი გქონდა) დათმო. 

თუ ვინ იქნება ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მერვედფინალში დღეს საღამოს გაირკვევა, როდესაც ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილი იტალიელი მატეო ბერეტინი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ალექსეი პოპირინს (ავსტრალია) ეთამაშება. ცხადია, რომ აშკარა ფავორიტად აპენინელი მიიჩნევა, რომელსაც ATP-ს რეიტინგში მე-7 ადგილი უკავია.

ცნობისთვის, დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში ბასილაშვილი კიდევ 2 პოზიციით დაწინაურდა და 2 066 ქულით 25-ე ადგილზეა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამერიკელ რეილი ოპელკასა და ავსტრალიელ ალექს დე მინორს გადაასწრო. ამავდროულად, კარენო ბუსტას დამარცხების შემდეგ, ნიკოლოზი ლაივ-რეიტინგში 2 088 ქულით უკვე 22-ეა.

კომენტარები

ბოლო ამბები