Thumbnail
  • ოლე გუნარ სულშერი კლუბს კარგად მართავს, თუმცა ცუდი ტაქტიკოსია
  • რონალდოსთან ერთად იუნაიტედი პრესინგს ვერ თამაშობს, დაცვა ბევრ გოლს უშვებს
  • საეჭვოა, რამდენად შეუძლიათ მანკუნიანელებს ნორვეგიელთან ერთად განვითარება

‘თუ ასე ითამაშეს, უშანსოდ, დიდი ანგარიშით წააგებენ’ - ეს იუნაიტედის ლეგენდის, პოლ სქოულზის სიტყვებია. მან ეს პროგნოზი წინა კვირაში, ატალანტასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ეპიკური ‘ქამბექის (იუნაიტედმა 0:2-დან 3:2 მოიგო) მიუხედავად, მანჩესტერის თამაშში ზედმეტად ბევრი სტრუქტურული ხარვეზი ჩანდა და არ შეიძლებოდა, რომ იურგენ კლოპის ლივერპულს ეს არ გამოეყენებინა.

სწორედ ამ სტრუქტურული პრობლემების გამო, ახლა სულშერის წასვლა ისე რეალისტურია, როგორც არასდროს. მით უმეტეს, კრიშტიანოს მისვლის და ზოგადად, შთამბეჭავი სატრანსფერო კამპანიის შემდეგ ლოგიკური კითხვა ჩნდება: რამდენად შეუძლია ნორვეგიელს ამ გუნდის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა?

სულშერის პროფილი

სულშერი გუნდში მოურინიოს შემდეგ მივიდა. ჟოზე იუნაიტედს ვერ მოერგო და კონფლიქტებითა და შიდა პრობლემებით გაწამებული კლუბი შუა სეზონში დატოვა. იუნაიტედს არ ჰქონდა თამაში, მთელი რიგი მოთამაშეები კლუბში თავს ზედმეტად გრძნობდნენ, ცუდი სამუშაო ატმოსფერო და პესიმისტური განწყობა მოთამაშეებს უფრო კლუბიდან გაქცევის სურვილს უღვივებდა. როცა ჟოზეს საქმეები ცუდად მიდის, ის შიდა საკლუბო ხანძარს ტოვებს ხოლმე. სულშერი სწორედ ამ ხანძრის ჩასაქრობად მიიყვანეს.

ყველაფერი, რაც კი ნორვეგიელზე წამიკითხავს, მას ძალიან კარგ, ჰუმანურ ადამიანად ახასიათებს, რომელთან ურთიერთობაც იოლი და სასიამოვნოა. ასეთი ბევრი ისტორიაა: იუნაიტედში მან 11 წელი გაატარა და ყოველთვის, როცა ნორვეგიელი შვებულებიდან ბრუნდებოდა, კლუბის წევრებისთვის საჩუქრად შოკოლადი ჩაჰქონდა. რიგით წევრებზეა საუბარი - დამლაგებლებზე, მოედნის მომვლელებზე, სამედიცინო პერსონალზე. იუნაიტედში დანიშვისთანავე მან მთელ საკლუბო პერსონალს მიმართა. კლუბში ყოფნის დროს ის სისტემატიურად ესწრება იუნაიტედის მოზარდების თამაშებს და ვარჯიშებს, უყურებს ქალთა გუნდის მატჩებს. და ის ყველას უყვარს.

სულშერის წასვლაზე ბევრს საუბრობენ

სულშერი ბუნებრივად ასეთია - არ თამაშობს. როი კინის და სერ ალექს ფერგიუსონის კონფლიქტის დროს ის გუნდში ერთადერთი იყო, რომელმაც ორივე რთული ხასიათის კაცთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა. მთელი მისი იუნაიტედური კარიერის განმავლობაში ოლე ყოველთვის იცავს თავის ფეხბურთელებს. ასეთი მაგალითი უამრავია. როცა სულშერს ფეხბურთელის სკამზე დატოვება აქვს გადაწყვეტილი, ის მას წინა დღეს, ცალკე იბარებს და თავისი გადაწყვეტილების მიზეზებს უხსნის. ამის გამო სულშერს პატივს სცემენ.

მისი მართვის სტილიც დემოკრატიული და არაავტორიტარულია. ოლე ყოველთვის უსმენს თავის ასისტენტებს და მათ აძლევს საშუალებას, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა მიიღონ.

სწორედ ეს იყო მისი მთავარი ფუნქცია. მანჩესტერი კონფლიქტური და დეზორგანიზებული კლუბიდან ისევ ერთ სტრუქტურად იქცა. კლუბს შიგნით კარგი ატმოსფეროა, მოთამაშეებს ვარჯიში და თამაში უხარიათ. ეს შედეგებზეც აისახა - პირველად ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, იუნაიტედი ზედიზედ ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე.

თუმცა, მანჩესტერის ამბიციები გაიზარდა და ზაფხულში რონალდოს, სანჩოს და ვარანის მისვლამ მოლოდინი გააჩინა, რომ იუნაიტედი საჩემპიონო ბრძოლაში სრულფასოვნად უნდა ჩაერთოს.

ოლეს პრობლემები

ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლა კლოპთან, ტუხელთან და გვარდიოლასთან კონკურენციას ნიშნავს. მათ გუნდებს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული და კარგად აწყობილი სათამაშო სისტემა და სტრუქტურა აქვთ. ტაქტიკურად ოლე მათი კლასის და კალიბრის მწვრთნელი რომ არ არის, ეს ნათელია. როგორც ზემოთ გითხარით, ის კლუბში სხვა თვისებების გამო მივიდა.

დეკემბერში სულშერის გუნდში მისვლიდან სამი წელი გახდება და ვერავინ იტყვის, რომ მის იუნაიტედს ჩელსივით, ან ლივერპულივით ჩამოყალიბებული სტილი და სათამაშო კონცეფცია აქვს. იუნაიტედმა წინა სეზონში 19-დან 10 საშინაო შეხვედრა ვერ მოიგო, რადგან პოზიციური შეტევის სტრუქტურა არ უვარგა და მასირებული დაცვის გადალახვა უჭირდა. ნორვეგიელის ხელში იუნაიტედი პრემიერლიგაში შუა პოზიციებზეა პრესინგის მაჩვენებლებით, კვლავ ვერ მოიძებნა პოგბასთვის იდეალური როლი და ფუნქცია, რომელიც ძალიან კარგ მონაკვეთებს ჩაგდებულ თამაშებს ანაცვლებს.

შემთხვევითი არ არის, რომ სულშერის სამწლიან პერიოდში ყველაზე დასამახსოვრებელი თამაშები იუნაიტედმა სტუმრად მოიგო - პარიზში და მანჩესტერში, სიტისთან. კონტრშეტევებზე თამაშს აწყობილი სტრუქტურა ყველაზე ნაკლებად სჭირდება.

სწორედ ამიტომ, ლივერპულთან 0:5 ბევრად უფრო მტკივნეული მარცხია, ვიდრე, მაგალითად, წინა წელს ტოტენჰემთან 1:6 წაგება. ეს მარცხი იმ სისტემური უფსკრულის გამოხატულებაა, რომელიც მანჩესტერსა და პრემიერლიგის უპირველეს გრანდებს შორის თამაშის ორგანიზაციის კუთხით არსებობს. ლივერპულს იუნაიტედთან სისტემური, სათამაშო უპირატესობა ჰქონდა - ეს არ იყო ნაადრევი გაძევების, არგამართლების ან ცუდი დღის შედეგი. ლივერპულს მეტის გატანაც შეეძლო - ეს ანგარიში სულაც მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაფიქსირდა. მსაჯი ცოტა მეტად პრინციპული რომ ყოფილიყო, პოგბამდე რონალდოს გააძევებდა. მოკლედ, უარესიც შეიძლება ყოფილიყო.


წლევანდელ იუნაიტედს მხოლოდ კარგი შიდა საკლუბო გარემო, მეტ-ნაკლებად სტაბილური თამაში და ჩემპიონთა ლიგაში ადგილი აღარ ყოფნის. ხარისხობრივად სხვა საფეხურზე უნდა ავიდეს და რთული დასაჯერებელია, რომ სულშერის ხელში ეს შესაძლებელია.

კრიშტიანოს დილემა

2.7 - კრიშტიანო რონალდო თამაშში ზუსტად ამდენ პრესინგ-მოძრაობას აკეთებს. შედარებისთვის: დიოგო ჟოტას თამაშში 19.8 პრესინგ-მოძრაობა აქვს, სადიო მანეს - 10.5, სიტის ფორვარდ გაბრიელ ჟეზუშს 17.8, ხოლო ფერან ტორესს - 12.7. კრიშტიანო ამ მაჩვენებლით პრემიერლიგის თავდამსხმელებს შორის ბოლო ადგილზეა. მასთან ერთად, ქვედა პოზიციებზე მეისონ გრინვუდი და პოლ პოგბა არიან. ანუ, იუნაიტედი არც წინა წლებში იყო პრესინგში საუკეთესო, პირიქით, ხოლო კრიშტიანოს მისვლის შემდეგ, ამ სათამაშო კატეგორიაში ერთ-ერთი აუტსაიდერი გახდა. პრესინგის, ანუ ბურთის მალე დაბრუნების მთავარი ინსტრუმენტის გარეშე, სულშერის გუნდს უბრალოდ შანსი არ აქვს, ითამაშოს სიტის და ლივერპულის სტილის დომინანტური ფეხბურთი.

პოგბა დიდი ალბათობით იუნაიტედს ამ სეზონის შემდეგ დატოვებს

იუნაიტედს არც ჩელსის გზა გამოადგება. სულშერის გუნდს არ ჰყავს დაცვითი ნახევარმცველების ისეთი დუეტი, როგორც ტუხელს. ზოგადად, ჩელსის ისტორიულად უყვარს და ეხერხება დაცვიდან თამაში, ‘ოლდ ტრაფორდზე’ სისტემატიურად ამ ტიპის თამაშს ალბათ არც მიიღებენ. არადა, როგორც ზემოთ დავწერე, თავისი საუკეთესო მატჩები სულშერის ხელში მანკუნიანელებმა სწორედ კონტრშეტევებზე ითამაშეს.

ამ ზაფხულს გუნდი გაძლიერდა, თუმცა არაპროპორციულად. ნახევარდაცვის ხაზი, განსაკუთრებით საყრდენის პოზიცია კვლავ პრობლემურია - როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. უხარვეზოდ არც დაცვა გამოიყურება, მით უმეტეს, იმ თამაშებში, როცა ახალწვეული რაფა ვარანი არ თამაშობს.

სამაგიეროდ, შემტევ ხაზში ზედმეტად დიდი კონკურენციაა: რონალდო, გრინვუდი, ბრუნო ფერნანდეში, რაშფორდი, მარსიალი, კავანი, სანჩო, პოგბა - 8 მოთამაშე 4 შემტევ პოზიციაზე. აქედან კრიშტიანოს და ბრუნოს ართამაში არც განიხილება. ისინი მუდამ  ძირითადში არიან. გამოდის, რომ ორი ფლანგური შემტევის პოზიციაზე ერთდროულად 5 კაცს აქვს პრეტენცია (კავანი უფრო კრიშტიანოს სათადარიგო ვარიანტია).

რონალდო ლივერპულთან გაძევებას გადაურჩა

ერთი პრობლემა ის არის, რომ სულშერი სეზონის დასაწყისიდან როტაციას მიმართავს და მყარი, ძირითადი ოთხეული ჯერ კიდევ არ ჰყავს. მეორე, ზემოთ ხსენებული პრესინგი და დაცვითი ფაზაა. იუნაიტედს 9 თამაშში 15 გოლი აქვს გაშვებული, ჩემპიონთა ლიგაში კი - 3 თამაშში დამატებით 5 გოლი მიიღეს.

სულშერის გუნდი ცდილობს, სიტის და ლივერპულის ტიპის დომინანტური გრანდივით ითამაშოს, თუმცა შემტევების პრესინგი, ანუ თავდაცვის პირველი ხაზი არ უვარგა. მეტოქე დაცვიდან შეტევაში გადასვლას იოლად ახერხებს - ამ დროს გუნდი 4-2-4 განლაგებას იღებს, როცა ოთხივე შემტევი წინ რჩება და მეტოქეს მანჩესტერის ნახევარზე ბევრი თავისუფალი სივრცე აქვს. ეს გაშვებულ გოლებს ნიშნავს.

ორი თვე გავიდა - სულშერმა ჯერაც ვერ მოიფიქრა, როგორ უნდა ააწყოს ახალი ფორმაციის, დომინანტური მანჩესტერი. იუნაიტედს სურს, რომ ნორვეგიელი დიდხანს დარჩეს და კლუბში ფერგისეული სტაბილურობის და განგრძობითობის სული შენარჩუნდეს, თუმცა სულშერის კვალიფიკაცია ბევრ კითხვას ბადებს. მანჩესტერს სხვა ამბიციები აქვს და ისე ჩანს, სულშერის კომპეტენცია ამ ამბიციებს ვეღარ სწვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები