Thumbnail
  • დინო ტოპმიოლერი ბაიერნის დროებით მწვრთნელად კარგად მუშაობს
  • კლაუსის შვილს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს

ორი თამაში, ორი მოგება, ბურთების შეფარდება 8:0 - კვირაზე მეტია, რაც კლაუს ტოპმიოლერის შვილი დინო ტოპმიოლერი გერმანული ფეხბურთის ყურადღების ცენტრშია.

სანამ იულიან ნაგელსმანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდება, მიუნხენის ბაიერნს სწორედ 40 წლის დინო ტოპმიოლერი ხელმძღვანელობს, რომელიც ზოგადად, ნაგელსმანის პირველი ასისტენტია. რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ბოლო ორ თამაშში დროებით უმცროსი ტოპმიოლერი იყო და მიუნხენურმა გრანდმა ორივე შეხვედრა 4:0 მოიგო - ჯერ ჩემპიონთა ლიგაში, ბენფიკასთან, მერე კი ბუნდესლიგაში, ჰოფენჰაიმთან.

იულიან ნაგელსმანი და დინო ტოპმიოლერი

დინოს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს და უნდა, რომ მთავარ მწვრთნელად იმუშაოს. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის (2006–2008) შვილმა “კიკერთან” ინტერვიუში ისაუბრა.

“ბაიერნის სამწვრთნელო შტაბში ყოფნა და ნაგელსმანის ასისტენტობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ჯერჯერობით კარიერის მომდევნო ნაბიჯზე არ ვფიქრობ, მინდა, ბაიერნის წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო. თუმცა, ცხადია, ჩემი მიზანი მომავალში მთავარი მწვრთნელობაა.” - უთხრა დინო ტოპმიოლერმა “კიკერს”.

უმცროსი “ტოპი” მთავარი მწვრთნელის რანგში ყველაზე წარმატებული დუდელანჟში გახლდათ - ლუქსემბურგულ კლუბში, რომელიც სენსაციურად ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი მწვრთნელობის დროს თამაშობდა დუდელანჟში ლევან ყენია.

ბაიერნს მომდევნო ოფიციალური მატჩი ოთხშაბათს უწევს - გერმანიის თასზე, მიონხენგლადბახის ბორუსიასთან. ჯერჯერობით უცნობია, ასწრებს თუ არა ნაგელსმანი გამოჯანმრთელებას. თუ ვერ მოასწრო, რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი გლადბახთანაც დინო ტოპმიოლერი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები