Thumbnail
  • ნიზოქიის აპოელ-მა კვიპროსის ჩემპიონატში სტუმრად არისს მოუგო
  • გუნდის ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ქვილითაიამ ითამაშა

აპოელ-ის შემტევ ნახევარმცველს თორნიკე ოქრიაშვილს ვირუსი აქვს. ამის შესახებ ცნობილი კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩის წინ გახდა, რომელშიც ქართველების გუნდი სტუმრად არისს დაუპირისპირდა.

აპოელ-მა გასვლაზე მინიმალური ანგარიშით მოიგო (1:0). თორნიკე, რომელმაც წინა ტურში საჯარიმო დარტყმით გაიტანა და კვიპროსის ჩემპიონატში ტურის საუკეთესო გოლის ავტორადაც აღიარეს, ამჯერად თავის გუნდს სათამაშოდ ვეღარ გაჰყვა.

"თორნიკე ოქრიაშვილმა თავი შეუძლოდ წუხელ იგრძნო. ბოლო წუთამდე ველოდეთ და გვქონდა იმედი, რომ მომჯობინდებოდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი შემადგენლობის მიღმა დატოვება მაინც მოგვიხდა", - თქვა კვირას გასამართი თამაშის წინ მედიასთან აპოელ-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა ბუბა დაუშვილი, გიორგი ქვილითაია კი არისთან თამაშში სათადარიგოთა სკამიდან, 68-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმრებმა გამარჯვების გოლის გატანა ამის შემდეგ მოახერხეს.

ნიქოზიის აპოელ-ი, რომელმაც ცუდი სტარტის შემდეგ, ბოლო 4 მატჩიდან 3-ის მოგება მოახერხა, ჩემპიონატში გასული 7 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 30 ოქტომბერს, ქართველების გუნდი სტუმრად დოკსას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები