Thumbnail

კვირას, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წყვილთა რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი გაიმართა.

PRO Absolute კლასში დამაჯერებლად გამოვიდა და შეჯიბრი მოიგო სანდრო თავართქილაძემ. ახალგაზრდა ავტომრბოლელი წყვილთა რბოლის პირველი ეტაპის გამარჯვებულიცაა და თავის კლასში 50 ქულა აქვს. სანდრო მესამე ეტაპამდე, რომელიც 21 ნოემბერს იგეგმება, საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობს. კვირას გამართულ რბოლაში მეორე ადგილი გიორგი პირიევმა დაიკავა, ხოლო მესამეზე კი დავით რამიშვილი გავიდა.

"ჩემს კლასში 16 მრბოლელი მონაწილეობდა. მეორე ეტაპი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მიხარია, რომ პირველი ადგილი მოვიპოვე. წელს მესამე ეტაპიც გაიმართება. საერთო ჯამში, ქულებით ლიდერი ვარ, რადგან პირველი ეტაპიც მოვიგე და ვეცდები, მესამე ეტაპზეც იგივე შედეგი გავიმეორო და წელი გამარჯვებით დავხურო", - განაცხადა სანდრომ.

სანდრო თავართქილაძე PRO Absolute კლასში 50 ქულით ლიდერობს

წყვილთა რბოლის მე-2 ეტაპზე ასპარეზობდა თავართქილაძის თანაგუნდელი დათუნა არჯევანიძეც, რომელიც AM2000cc კლასში გამოდიოდა. ტურნირის მიმდინარეობისას არჯევანიძის მანქანას ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საპრიზო ადგილის დაკავება ვერ შეძლო. რბოლა მიხეილ თათარაშვილმა მოიგო, მეორე და მესამე ადგილები კი ირაკლი მაზიაშვილმა და მამუკა ქსოვრელმა დაიკავეს.

"სამწუხაროდ, ჩემს ავტომობილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც სასურველ შედეგს ვერ მივაღწიე. დიდხანს ვემზადებოდი და საწყენია, რომ მხოლოდ მე-4 ადგილს დავჯერდი. წელს 8 შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა და პოდიუმის გარეშე არცერთი მათგანი არ დამიტოვებია", - აღნიშნა არჯევანიძემ.

ორი ეტაპის გავლის შემდეგ დათუნა არჯევანიძე AM2000cc კლასში 38 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ მიხეილ თათარაშვილს 12 ქულით ჩამორჩება.

დათუნა არჯევანიძე AM2000cc კლასში 38 ქულით მეორე ადგილზეა

წყვილთა რბოლაში საქართველოს მესამე ეტაპი 21 ნოემბერს გაიმართება. მანამდე, 14 ნოემბერს, სანდრო თავართქილაძე და დათუნა არჯევანიძე რალი სპრინტის დასკვნით, მე-5 ეტაპზე იასპარეზებენ. ბოლო ეტაპის წინ დათა ქაჯაია 97 ქულით ლიდერობს, სანდრო კი 89 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს. "რალი სპრინტზე ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიო", - დაამატა სანდრომ. არჯევანიძე კი თავის კლასში ლიდერ თათარაშვილთან 9 ქულას აგებს.

ახლახან ევროპაბეთი სანდრო თავართქილაძისა და დათუნა არჯევანიძის მხარდამჭერი გახდა და არის მათი გუნდის, DS RACING-ის სპონსორიც. კომპანია ნიჭიერ ქართველ მრბოლელებთან აქამდეც თანამშრომლობდა და განვითარებაში ხელს უწყობდა, პარტნიორობის ახალი ხელშეკრულების ფარგლებში კი ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა და მეტი მიმართულება მოიცვა.

ავტომრბოლელების გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან. არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი. 

კომენტარები

ბოლო ამბები