Thumbnail
  • ინტერი 1:1 იუვენტუსი
  • სიმონე ინძაგი შედეგით უკმაყოფილო დარჩა
  • მასიმილიანო ალეგრი დაცვის მნიშვნელობაზე ალაპარაკდა

იტალიის ჩემპიონატის მთავარ თამაშში ინტერი იუვეს მთელი მატჩი უგებდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს პაულო დიბალამ პენალტით გაათანაბრა. თერთმეტმეტრიანი VAR-ის ჩარევის შედეგად დაინიშნა და ამან სიმონე ინძაგის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელმაც აღნიშნულ სიტუაციაში წითელი ბარათიც მიიღო.

ინძაგი უკმაყოფილებას მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზეც ვერ მალავდა: "ძალიან საწყენია, რადგან მთელ თამაშს ვაკონტროლებდით, იუვეს არაფერი შევაქმნევინეთ და პენალტი ერთადერთი გზა იყო, რითაც შეიძლება გოლი გაგვეშვა. არ მიხარია, ორი ქულა რომ დავკარგეთ."

ინტერის დამრიგებელმა მისი გუნდის სათამაშო სტილიც ახსნა და განმარტა, რომ პირველ ტაიმში ძალიან აგრესიული პრესინგის შემდეგ დაცვაში დაწევა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო: "პირველ ტაიმში მთელ მოედანზე ვაპრესინგებდით და ბევრი ენერგია დავხარჯეთ. ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში იუვეს კიეზას და დიბალას გამოყვანა შეეძლო. იუვენტუსი ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებზე. ამიტომაც, უკან დავიწიეთ და მეტოქეს სივრცეები არ დავუტოვეთ."

მისგან განსხვავებით, მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილი ჩანდა. მას იმის ახსნაც მოუხდა, თუ რატომ დატოვა სათადარიგოთა სკამზე ფედერიკო კიეზა. იუვენტუსმა მატჩში გარდატეხა სწორედ კიეზას და დიბალას მოედანზე შესვლის შემდეგ შეიტანა.

ალეგრი: "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში - კიდევ უკეთესად. ვიცოდი, რომ ფიზიკური თამაში იქნებოდა. ამიტომ კულუშევსკი ვათამაშე და არა კიეზა, რათა ბროზოვიჩი ზეწოლის ქვეშ მოექცია. პირველ სამ ტურში 8 ქულა დავკარგეთ, ამიტომ, გუნდის შენება საბაზისო საგნებით უნდა დაგვეწყო. ასეთია დაცვა და თამაშის ორგანიზება. ოთხი თამაში გოლი არ გაგვიშვია და დღესაც ინტერს თითქმის არაფერი შევაქმნევინეთ. დროთა განმავლობაში, წინ უფრო თამამადაც წავალთ."

იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტური შუა კვირაში გაიმართება. 27 ოქტომბერს იუვე სასუოლოს უმასპინძლებს, ინტერი კი ემპოლის ესტუმრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები