Thumbnail
  • ბარსელონა 1:2 რეალი
  • გოლები: 0:1 ალაბა (32), 0:2 ვასკესი (90), 1:2 აგუერო (90)

ელ კლასიკო ისევ რეალმა მოიგო - ზედიზედ მეოთხედ. კამპ ნოუზე 86 ათასზე მეტი გულშემატკივარი მივიდა, მაგრამ მათ სტადიონი იმედგაცრუებული დატოვეს, რადგან ბარსელონამ მორიგი უფერული თამაში ჩაატარა.

ბარსელონასა და რეალის დაპირისპირებაში ანგარიში დებიუტანტმა გახსნა. დავიდ ალაბამ თავის პირველივე ელ კლასიკოში გაიტანა. ეს 32-ე წუთზე მოხდა, როდესაც ავსტრიელმა მცველმა მემფის დეპაის ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან წაართვა, შეტევაში ჩაერთო და როდრიგოს გადაცემის შემდეგ, მეტოქის კარი ეფექტური დარტყმით დალაშქრა.

ბარსელონამ მეტოქეს პრაქტიკულად ვერაფერი დაუპირისპირა. ყველაზე რეალური საგოლე მომენტი რონალდ კუმანის გუნდს ჯერ კიდევ მანამდე ჰქონდა, სანამ ანგარიში 0:0 იყო, თუმცა, სერჟინიო დესტმა ახლო მანძილიდან, როცა ხელს არავინ და არაფერი უშლიდა, ძალიან არაზუსტად დაარტყა.

მადრიდის რეალმა ელ კლასიკოში დამსახურებულად იმარჯვა

რეალმა გაცილებით გააზრებული და ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა და მეორეც შეაგდო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მადრიდელთა კიდევ ერთი კონტრშეტევა დასრულდა გოლით - მარკო ასენსიოს მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აჯობა, მაგრამ დამატებაზე ყველას ლუკას ვასკესმა დაასწრო და ყველაფერი გაირკვა. მართალია, ბარსელონამ მალე ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ გასათანაბრებლად დრო უკვე აღარ ჰქონდა. გოლი სერხიო აგუერომ გაიტანა - პირველად ბარსას მაისურით.

ჯერჯერობით, სეზონის სტარტზე ისე ჩანს, რომ ანჩელოტის გუნდისგან უფრო მეტ საინტერესოს უნდა ველოდოთ სეზონში, ვიდრე - კატალონიური გრანდისგან. მადრიდის რეალმა ამ გამარჯვების შემდეგ 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს სევილიასთან და სოსიედადთან ერთად ლიდერობს, ბარსელონა კი 15 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

საინტერესო ფაქტები

⚽ დავიდ ალაბა რეალის მე-5 ფეხბურთელია, რომელმაც ელ კლასიკოში სადებიუტო შეხვედრაშივე გაიტანა. მანამდე იგივე გააკეთეს რონალდომ (2003 წელს), რუუდ ვან ნისტელროიმ (2006), რაფაელ ვარანმა და ხესემ (2013 ორივე).

⚽ გავი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ელ კლასიკოში ითამაშა (17 წლის და 80 დღის). მან პედრი გონსალესის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ეს მიღწევა 1 წლის წინ მიითვალა (17 წლის და 334 დღის).

⚽ ბარსელონამ ზედიზედ მე-4 ელ კლასიკო მოიგო, რაც მისი საუკეთესო სერიაა 1965 წლის შემდეგ (მაშინ ზედიზედ 7-ჯერ დაამარცხა ბარსელონა).

⚽ რონალდ კუმანი მეორე მწვრთნელი გახდა პატრიკ ო’კონელის შემდეგ, რომელმაც ლა ლიგის ისტორიაში პირველი სამი ელ კლასიკო წააგო (ო’კონელიმაც ბარსაში მუშაობისას, 1935-1940 წლებში).

ბარსელონა 1:2 რეალი

გოლები: 0:1 ალაბა (32), 0:2 ვასკესი (90), 1:2 აგუერო (90)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - მინგესა (46. კოუტინიო), პიკე, გარსია, ალბა - გავი (85. ლ. დე იონგი), ბუსკეტსი, ფ. დე იონგი (77. სერხი რობერტო) - დესტი, ფატი (74. აგუერო), დეპაი.

რეალი (4-3-3): კურტუა - ვასკესი, მილიტაო, ალაბა, მენდი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - როდრიგო (72. ვალვერდე. 90. კარვახალი), ბენზემა, ვინისიუსი (87. ასენსიო).

კომენტარები

ბოლო ამბები