Thumbnail

ავტოგოლი გაატანინა, გოლი გაუუქმეს - ხვიჩას კარგი მატჩი რუბინში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ძალიან საეჭვო თამაშგარის გამო არ ჩაუთვალეს
  • რუბინს რუსეთის ჩემპიონატში ბოლო 5 მატჩი არ მოუგია

რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას რუბინი უფას ესტუმრა და შინ ქულით დაბრუნდა (1:1).

ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და საკმაოდ ნაყოფიერი თამაში ჩაატარა. რუბინი უკვე მე-19 წუთიდან მოყოლებული აგებდა, 34-ე წუთზე ხვიჩამ გოლი გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. მსაჯმა და VAR-მა ანდერს დრეიერზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს, არადა, ვიდეოგამეორებაზე მკაფიოდ არაფერი სჩანდა.

რუბინის შეტევის დროს კარში ჰასან ჰაკსაბანოვიჩმა დაარტყა, მეკარემ მოიგერია და ბურთი დრეიერს მიუვიდა, რომელმაც შეტევა გააგრძელა და კვარაცხელიამ ზუსტი დარტყმით დაასრულა. თუმცა არბიტრების შეფასებით, ბოსნიელის დარტყმის მომენტში დანიელი ფორვარდი თამაშგარეში იყო. ერთი შეხედვით, თითქოს ასე არ იყო და შეიძლება ითქვას, ქართველის გოლი საეჭვო ვითარებაში გააუქმეს.

ყაზანელებმა 59-ე წუთზე მაინც გაათანაბრეს, რაც ხვიჩას დამსახურებაა. მან მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა და მეკარის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც იური ჟურავლევმა ცუდად იმოქმედა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამგვარად, ფრე 1:1, რითაც რუბინი კმაყოფილი ვერ იქნება. უფას რიგებში არ უთამაშია ჯიმი ტაბიძეს, რომელსაც ტრავმა აქვს, ხოლო კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრაში თითო გოლი და საგოლე პასია.

ლეონიდ სლუცკის გუნდს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 16 ქულით მე-9 ადგილზეა, 30 ოქტომბერს კი ყაზანში მოსკოვის ცსკა-ს შეხვდება.

📺 კვარაცხელიას გაუქმებული გოლი და გამომუშავებული ავტოგოლი უფასთან

კომენტარები

ბოლო ამბები