Thumbnail

ჩოგბურთი | ვენის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას ეთამაშება
  • Erste Bank Open-ზე პირველი სამი განთესვა ციციპასს, ზვერევსა და ბერეტინის აქვთ

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც ინდიან ველსის მასტერსის ფინალში ითამაშა, მომავალ კვირას ავსტრიის დედაქალაქ ვენის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდიც 1 515 215 ევროა) ჩაებმება.

წილისყრის შედეგად გაირკა, რომ ბასილაშვილი პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას ეთამაშება. ნიკა ATP-ს რეიტინგში 27-ე ადგილზე იმყოფება, 30 წლის ხიხონელი კი მსოფლიოს მე-18 ჩოგანია.

ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან და 2018 წელს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართული ტურნირის მეოთხედფინალში ნიკამ 7:6 (7:4), 6:4 იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ მაშინ ბასილაშვილმა ნახევარფინალი და ფინალიც სათავისოდ დაასრულა და გერმანიის ღია პირველობა კარიერაში პირველად მოიგო.

თუკი საქართველოს პირველმა ჩოგანმა წარმატებას მიაღწია, მე-2 წრეში, დიდი ალბათობით, მე-3 ნომრად განთესილ იტალიელ მატეო ბერეტინის გაეჯიბრება. ამ უკანასკნელს კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებულის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

ცნობისთვის, ტურნირზე პირველ ნომრად ბერძენი სტეფანოს ციციპასია განთესილი, შემდეგ კი გერმანელი ალექსანდერ ზვერევი, ხსენებული ბერეტინი, ნორვეგიელი კასპერ რუუდი, პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი და კანადელი ფელიქს ოჟიე-ალიასიმი მოდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები