Thumbnail
  • ისლანდიის და ისლანდიური ფეხბურთის წარმატების ფორმულა
  • ისლანდიის პრეზიდენტმა გაძეტა დელო სპორტის კითხვებს უპასუხა

იტალიაში ჯერ კიდევ ვერ მოინელეს, რომ მათი ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. 

როგორც გაძეტა დელო სპორტი წერს, ამ მძიმე რეალობას შემსუბუქება სჭირდება და ამიტომ, მსოფლიოში ცნობილმა და ავტორიტეტულმა გამოცემამ საინტერესო პროექტი მოიფიქრა. იტალიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გაირკვა, რომ იტალიელი ტიფოზების უმრავლესობა მუნდიალზე ისლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუჭერს მხარს.

შედეგად, გაძეტა დელო სპორტმა ისლანდია ყველა სხვა ნაკრებისგან გამოარჩია და ისევე უჭერს მხარს, როგორც იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუჭერდა. გაძეტა ყველაზე მეტ დროს და საგაზეთო სივრცეს სწორედ ისლანდიის ნაკრებს უთმობს, რომელსაც ასეთი მეტსახელი შეარქვეს: 

აძურა ჩრდილოეთიდან

ისლანდიის ნაკრების მხარდაჭერის ფარგლებში, გაძეტა დელო სპორტმა საინტერესო ინტერვიუ გააკეთა გუდნი იოჰანესონთან, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ისლანდიის პრეზიდენტია.

გაძეტა დელო სპორტი: პრეზიდენტო, იცით რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალია ისლანდიას დაუჭერს მხარს?

პრეზიდენტი: რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით გაძეტა დელო სპორტის და იტალიელი გულშემატკივრების არჩევანის შესახებ. ძალიან ამაყები და ბედნიერები ვართ. სწორი არჩევანი გააკეთეთ, რადგან ჩვენ ხომ თქვენსავით აძურა ვართ, როგორც თქვენ ამბობთ, აძურა ჩრდილოეთიდან (იტალიის ნაკრების მსგავსად, ისლანდიის ნაკრებიც ცისფერი ფორმით ასპარეზობს).

გაძეტა დელო სპორტი: ისლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი ექნება. რას უნდა ველოდოთ გუნდისგან, რომელსაც უკვე ჩვენც, იტალიელებიც ვქომაგობთ?

პრეზიდენტი: ფეხბურთი სპორტის საოცარი სახეობაა, მაგრამ ბოლო წლებში ცოტათი დაკარგა მომხიბვლელობა. ეს დიდი ფულის ბრალია, რის გამოც მდიდარი კლუბები ჩაგრავენ სხვა დანარჩენებს და იგებენ ყველაფერს. ისლანდიის ნაკრების წარმატება ერთი მაგალითია იმის, რომ ყველაფერი ფულით არ წყდება და ჯერ კიდევ შესაძლებელია მოხდეს სასწაულები. თამაში თერთმეტი-თერთმეტზე იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.  

ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი

გაძეტა დელო სპორტი: როგორ შეძლო ისლანდიის ნაკრებმა ასეთი პროგრესის მიღწევა?

პრეზიდენტი: ორი მიმართულებით დავაბანდეთ ფული: საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და სამწვრთნელო განათლება. ახალი მოედნები, საწვრთნელი ბაზები ერთი მხრივ და მაღალი დონის მწვრთნელები მეორე მხრივ, არის წარმატების საწინდარი. ჩვენ არ გვყავს სუპერვარსკვლავები, მაგრამ გვყავს ერთ მუშტად შეკრული, კარგად ორგანიზებული გუნდი, რომელმაც იცის რა უნდა აკეთოს მოედანზე.

გაძეტა დელო სპორტი: ისლანდიური ხასიათის რა თვისებები აქვს ისლანდიის ეროვნულ ნაკრებს?

პრეზიდენტი: ერთად ყოფნის და ერთმანეთისადმი მხარდაჭერის სურვილი. ჩვენ ყოველთვის ახლოს ვიყავით ბუნებასთან და ერთად ვებრძვით შტორმებს, მიწისძვრებს, ზვავებს. ამ ყველაფერს რომ გაუძლო, უნდა შეგეძლოს ერთად დგომა. ჩვენი ნაკრები ისეთივე ერთსულოვანია, როგორც ჩვენი ქვეყანა. საფეხბურთო თვალსაზრისით, იტალიაც ყოველთვის ამის საუკეთესო მაგალითი იყო. 

გაძეტა დელო სპორტი: რას გულისხმობთ?

პრეზიდენტი: 1982 წლის ზაფხულში ოჯახთან ერთად იტალიაში, რიმინიში ვისვენებდი. იმ წელს იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ის, რაც იმ დღეებში ვნახე, არასდროს დამავიწყდება. მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანაში გარეთ იყო გამოსული. ისმოდა ფეხბურთელების გვარები: როსი, ტარდელი, ძოფი და ტელევიზორში გაუთავებლად აჩვენებდნენ იტალიის ბედნიერ პრეზიდენტს, ალესანდრო პერტინის, რომელიც მუნდიალის ფინალურ შეხვედრაში ემოციებს ვერ მალავდა. მაშინ პირველად ვნახე თუ როგორ შეიძლება გააერთიანოს ფეხბურთმა მთელი ქვეყანა. 

ისლანდიის ნაკრები ევრო 2016-ზე ინგლისთან გამარჯვების შემდეგ

გაძეტა დელო სპორტი: ამ ზაფხულს თუ ელოდებით ასეთ დღესასწაულს ისლანდიაში?

პრეზიდენტი: ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და მთავარი სწორედ ეს არის. თუ დავინახავთ, რომ ბიჭებმა თავი არ დაზოგეს, ჩვენ მათ ისევე დავხვდებით, როგორც იტალიელები ხვდებოდნენ თავიანთ გმირებს 1982 წელს. ორი წლის წინ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ინგლისი დავამარცხეთ, ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით დედამიწაზე. იმედია, წინ ისევ გველოდება ასეთი ემოციები.

გაძეტა დელო სპორტი: რომელი უცხოური ნაკრებისკენ იხრება თქვენი სიმპატიები?

პრეზიდენტი: მას შემდეგ, რაც 1982 წლის ზაფხულში იტალიაში განვიცადე, ბუნებრივია, რომ ჩემი სიმპატიები იტალიური ფეხბურთისკენ იხრება. ეს სიყვარული 1990 წლის მუნდიალმა და რობერტო ბაჯოს გენიამ განამტკიცა. 

გაძეტა დელო სპორტი: რითია ისლანდია ყველასგან გამორჩეული ქვეყანა?

პრეზიდენტი: ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც სიტყვის სრული თავისუფლებაა და ყველა თანასწორია განურჩევლად სქესის, წარმომავლობის და რელიგიური მრწამსის. ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს, მაგრამ გვაქვს ერთი დიდი პლუსი: ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და სიყვარული.

კომენტარები

ბოლო ამბები