Thumbnail

'მოდი, მეტი გვეთამაშეთ' - მსოფლიო რაგბი ახალი ტურნირის იდეას აცოცხლებს?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბრიტანული The Mirror წერს, რომ მსოფლიო რაგბის იდეა ახალ ტურნირზე, კვლავ ცოცხალია და ის, შესაძლოა, 2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ გაიმართოს. 

საქმე ეხება ტურნირს, რომელსაც მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ პირობითად ერების ჩემპიონატი, Nations Championship (ან რაგბის ერთა ლიგა) უწოდა. 2019 წლის მარტში მსოფლიო რაგბიმ რევოლუციური სიახლე შემოგვთავაზა - 2020 წლიდან უნდა დაწყებულიყო ტურნირი, რომელშიც ევროპისა და მსოფლიოს კონფერენციებში 12-12 ნაკრები იასპარეზებდა ორ დივიზიონად. ევროპის TOP 6, ბუნებრივია, თავიდან 6 ერის ქვეყნები მოხვდებოდნენ, მაგრამ ტურნირი ითვალისწინებდა დივიზიონებს შორის მიმოსლვლას. 

ამ პროექტს ტრადიციულ სარაგბო სამყაროში იმხელა წინააღმდეგობა შეხვდა, რომ 2019 წლის ივნისში მსოფლიო რაგბის შეფი ბილ ბომონტი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ტურნირს თავი ვერ მოაბეს და 6-მილიარდდოლარიანი ინვესტიცია არ განხორციელდებოდა. ტურნირის იდეას 2020-ში მიუბრუნდნენ, მაგრამ, ამჯერად, კორონავირისუსის პანდემიამ ჩაშალა ყველანაირი აქტიურობა. "ჩვენ განვაგრძობთ ალტერნატიული გზების ძიებას, რათა ხელი შევუწყოთ რაგბის განვითარებას მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვალდებულნი ვართ გაჩნდეს ბევრად მეტი კონკურენტუნარიანი გუნდი, რათა 2027 წლის მსოფლიოს თასზე მონაწილე გუნდების რიცხვის გაზრდა მოვახერხოთ", - განაცხადა მაშინ ბომონტმა. 

"მირორი" წერს, რომ იდეა სულაც არ არის მკვდარი და მოლაპარაკებები უკვე განახლებულია. მსოფლიო რაგბი მიიჩნევს, რომ ახალი ტურნირის ჩატარება უკვე მსოფლიოს თასის შემდეგ გახდება შესაძლებელი - ანუ 2024 წლიდან. ეს ტურნირი დაეხმარება მე-2 დონის ქვეყნებს განვითარებაში, რომლებიც ვერც 6 ერში მონაწილეობენ (როგორც საქართველო და რუმინეთი) და ვერც რაგბის ჩემპიონშიპში (როგორც ოკეანეთის ქვეყნები). ტურნირი უნდა იყოს გლობალური, ყოველწლიური.     

ტონგელი ჰეილ ტი პოლი ოკეანეთის ქვეყნების მორაგბეთა კავშირის პრეზიდენტია. მან Stuff-თან საუბარში შემდეგი განაცხადა: "ჩვენ ახლა გვაქვს მოლაპარაკებები ახალი ტურნირის რესტრუქტურიზაციის შესახებ. ვაზუსტებთ 1A, 1B, 2A და 2B-ს ვარიაციებს. შესაძლოა, ეს იყოს 12-ქვეყნიანი ტურნირი. ან 8-8 ფორმატის ტურნირი - 8 ნაკრები ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან და 8 სამხრეთიდან. ასე ვიღებთ TOP ოთხეულებს პირველ დივიზიონში და მეორე ოთხეულებს ქვედაში. ვფიქრობ, ნოემბერი საუკეთესო თვე იქნება დასკვნითი მოლაპარაკებებისთვის მსოფლიო რაგბის ორგანიზაციასთან ერთად. მოდი, რაც შეიძლება მეტი გვათამაშეთ". 

"მირორი" წერს: "ჩრდილოეთში საქართველო ხშირად განიხილებოდა 6 ერის პოტენციურ ახალწვეულად, მაგრამ ცვლილებების წინააღმდეგ ბევრი წავიდა, მათ შორის აღზევება/დაქვეითების შემოღების წინააღმდეგ". მას მერე, რაც 6 ერის წილის 15% საინვესტიციო კომპანია CVC Capital Partners-მა შეიძინა, ბევრ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ექვსი ერის ფორმატის ცვლილებისთვის კარი დაიკეტა. ამიტომაც, მე-2 დონის ქვეყნებისთვის ახალი ტურნირის იდეა უფრო მიმზიდველი გახდა. 

შეგახსენებთ, რომ შარშან საქართველოს ნაკრებმა კოვიდპანდემიის გამო, ეგრეთ წოდებულ 8 ერში მიიღო მონაწილეობა (6 ერს საქართველო და ფიჯი დაემატა), მაგრამ ეს ერთჯერადი ტურნირი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები