Thumbnail

CS:GO-ს 5 ვარსკვლავი, რომლებიც წლის მთავარ ტურნირს დააკლდებიან

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • PGL Major Stockholm 26 ოქტომბერს დაიწყება
  • ტურნირის საპრიზო ფონდი 2 მილიონ დოლარს შეადგენს

CS:GO-ში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი, PGL Major Stockholm 2021 ახლოვდება, რომელიც სტარტს 26 ოქტომბერს აიღებს. ჩემპიონობისთვის 24 გუნდი იბრძოლებს, ღონისძიების საპრიზო ფონდი კი 2 მილიონი დოლარი იქნება.

Major-ის მოახლოებასთან ერთად, მატულობს გულშემატკივრების ემოციები. ისინი მოუთმენლად ელიან საყვარელი გუნდებისა და მოთამაშეების გამოჩენას, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ცნობილი გახდა იმ გეიმერების ვინაობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო CS:GO-ს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს გამოტოვებენ.

გთავაზობთ, ხუთ ცნობილ მოთამაშეს, რომლებიც CS:GO Stockholm Major 2021-ს გამოაკლდებიან:

KennyS - თუ CS:GO-ს მოყვარული ხართ, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ ფრანგი მოთამაშე Kenny "kennyS" Schrub. ის თამაშის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო AWP-ედ მოიაზრება, რომლის დომინანტური სტილი გულგრილს არავის ტოვებს. მოახლოებულ Major-ზე, ფრანგი გეიმერის არყოფნა სერიოზულად შეამცირებს გუნდ G2 Esports-ის შანსებს.

Aleksib - ორგანიზაცია OG-ის პროფესიონალი მოთამაშე, რომელმაც გუნდის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ფინელმა მოთამაშემ შესანიშნავად იასპარეზა Katowice Major 2019-ზე, რომელიც დღემდე მისი კარიერის საუკეთესო მოვლენად რჩება. საყოველთაო გაოცება გამოიწვია გუნდი OG-ის არადამაჯერებელმა თამაშმა, რომელმაც Major-ის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა. სწორედ ამ მიზეზის გამო გამოტოვებს ერთ-ერთი გამორჩეული გეიმერი მოახლოებულ ღონისძიებას.

F0rest - მსოფლიოში გამორჩეული მოთამაშეების დასახელებისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ შვედი მოთამაშე პატრიკ ლინდბერგი, იგივე F0rest, რომელიც CS:GO-ს სამყაროში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაა აღიარებული. 33 წლის შვედ გეიმერს კარიერის განმავლობაში 8 MVP-ის ტიტული აქვს მოპოვებული, ხოლო 2014 წელს ESL Cologne-ის გამარჯვებული გახდა. Major-ზე შვედი გეიმერის არყოფნა დიდი ეპოქის დასასრულზე მიგვანიშნებს.

Tarik - CS:GO-ს ამერიკელი ვარსკვლავი Cloud9-ს შემადგენლობაში ბრწინვალედ ასპარეზობდა. მან ELEAGUE Major: Boston 2018-ზე გუნდის წარმატებაში მთავარი წვლილი შეიტანა. ამერიკელი გეიმერი, რომელიც სამშობლოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამჟამად Evil Geniuses-ის რიგებში ირიცხება, სადაც არააქტიური მოთამაშის სტატუსი აქვს და ამის გამო Major-ის გამოტოვება მოუწევს. 

Coldzera - CS:GO-ს წლის მთავარ ღონისძიებას კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი, 26 წლის ბრაზილიელი გეიმერი, მარსელო აუგუსტოც დააკლდება, ეს კი ძალიან დიდი დანაკლისი მთლიანად ტურნირისთვის იქნება. Coldzera-მ კარიერის განმავლობაში მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

კომენტარები

ბოლო ამბები