Thumbnail

თორნიკე ოქრიაშვილს კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში გატანილი ბრწყინვალე გოლი დაუფასეს. აპოელ-ის ქართველი ნახევარმცველის მიერ საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლი ტურში საუკეთესოდ დაასახელეს.

29 წლის ფეხბურთელმა თავი აპოელ-ისა და ახნასის შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს გამოიჩინა და ანგარიში გახსნა. თორნიკემ საჯარიმო დარტყმა მახვილი კუთხიდან, უნაკლოდ შეასრულა და ფანტასტიკური გოლი შეაგდო. საბოლოოდ მატჩი აპოელ-ის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

საიტზე PASP ჩატარებულ ტრადიციულ გამოკითხვაში, რომლის შედეგადაც ტურის ყველაზე ლამაზი გოლი (Stoiximan Top Goal) ვლინდება, ოქრიაშვილმა ხმათა 51% მიიღო და გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში სულ მცირედით აჯობა აელ-ის ბრაზილიელ მცველს ეულეს (42%).

ნიქოზიის აპოელ-ს, რომლის ღირსებას ასევე იცავენ გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი, კვიპროსის პირველ დივიზიონში (უმაღლესი ლიგა) ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია. მომდევნო მატჩს გუნდი 24 ოქტომბერს, გასვლაზე არისთან ჩაატარებს. 

თორნიკე ოქრიაშვილმა აპოელ-ის მაისურით ჩემპიონატის 5 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები