Thumbnail

NBA-ის რეგულარული სეზონის მეორე მატჩში ჩემპიონი მილუოკი ფლორიდაში მაიამისთან 42-ქულიანი სხვაობით დამარცხდა, თუმცა ეს მატჩი კალათბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის პოზიტიური გამოდგა, რადგან ასოციაციის ახალბედა სანდრო მამუკელაშვილმა კარგად ითამაშა. 

მიუხედავად იმისა, რომ სანდრო მხოლოდ 54 ნომრად აირჩიეს დრაფტზე, უკვე მე-2 შეხვედრაში 27 წუთზე მეტი მიეცა სათამაშოდ, რაც თითქმის უპრენცედენტო მოვლენაა. მამუკელაშვილმა 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 2 სამქულიანი ჩააგდო. ეს იყო სანდროს პირველი ქულები NBA-ში. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მაიკ ბუდენჰოლცერმა სანდრო და გრეისონ ალენი იახლა.

მატჩის გმირის, ტაილერ ჰიროს წინააღმდეგ

სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი): "ჩემთვის ეს იყო დიდი შესაძლებლობა. გახარებული ვარ, რადგან მწვრთნელი მენდო და ვარსკვლავებთან ერთად გამიყვანა მოედანზე. დღევანდელი თამაში ჩემთვის კარგი გამოცდილებაა, რომლისგანაც ბევრს ვისწავლი. დღეს მაიამიმ საოცრად ითამაშა, ჩვენი პასუხი კი დაგვიანებული აღმოჩნდა. წინ კიდევ 80 მატჩია. მომდევნო ვარჯიშებზე და თამაშებზე შევეცდებით, ყველა შეცდომის გამოსწორებას. ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, გუნდი ერთიანია და ბოლომდე იბრძოლებს. 

პირადად მე ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვიყენებ, რომ უფრო მეტი ვივარჯიშო და უკეთესი მოთამაშე გავხდე, მოვუმატო ფიზიკურად და ვიყო მომთმენი. მართალია, ჩემთვის ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ ვერ ვზეიმობ, რადგან გუნდი დამარცხდა. რა თქმა უნდა, არ დავმალავ, რომ ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ წინ კიდევ დიდი გზაა. უკეთ უნდა ვიგრძნო NBA. სამწვრთნელო შტაბის მადლობელი ვარ ნდობისთვის და შანსის მოცემისთვის. მადლობა გუნდელებს, რომელთაც სჯერათ ჩემი. რომ ახალბედას მომცეს თავის გამოჩენის შანსი. ჩემი აზრით, როცა ბევრს შრომობ, ეს შედეგს ყოველთვის გამოიღებს. შევეცდები, რომ მზად ვიყო ყოველ ჯერზე, როცა მწვრთნელი ჩემს გვარს გამოაცხადებს. NBA-ში საოცარი სისწრაფეები და ფიზიკურობაა, ამას ფეხი უნდა ავუწყო". 

აღსანიშნავია, რომ HoopsHype-მა სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის დღის ახალბედად დაასახელა. დღის გაბრწყინება ტაილერ ჰიროს თამაში იყო, MVP კი, რა თქმა უნდა, სტეფ კარი გახდა. დღის საერთაშორისო მოთამაშე კლინტ კაპელაა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები