Thumbnail
  • 'ყველაფერი ისევე გრძელდება, იუნაიტედი და პენალტები მართლაც საოცარი თემაა'
  • ლივერპულის მწვრთნელის კომენტარი მანჩესტერთან პრინციპული მატჩის წინ

ინგლისური ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კიდევ ერთხელ წამოსწია არასამართლიანი მსაჯობის თემა. ეს, პრემიერლიგის მომდევნო ტურში მანჩესტერ იუნაიტედთან პრინციპული მატჩის წინ მოხდა, რომელიც კვირას, 24 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

იანვარში მერსისაიდელებმა საუთჰემპტონთან 0:1 წააგეს და გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნულზე პირველად მაშინ ისაუბრა. იურგენი ამტკიცებდა, რომ სადიო მანეზე აშკარა 11-მეტრიანი არ დაინიშნა. ამასთან, მან სტატისტიკაც მოიშველია, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მანჩესტერს უფრო მეტი პენალტი ჰქონდა შესრულებული, ვიდრე – ლივერპულს ბოლო ხუთნახევარ წელში.

იუნაიტედის თავკაცი ოლე გუნარ სულშერი ამ ამბავს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კლოპის კრიტიკის შემდეგ, მანჩესტერელთა სასარგებლოდ დანიშნული 11-მეტრიანების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. “ერთი მწვრთნელი ამაზე განსაკუთრებით ნერვიულობდა”, - განაცხადა ნორვეგიელმა და ცხადია, გერმანელზე მიანიშნა. ახლა კი, ისევ კლოპის ჯერი დადგა და გასაგებია, რომ მას დრო შემთხვევით არ შეურჩევია.

“ახალი რა უნდა ვთქვა? ყველაფერი ისევე გრძელდება. ჩემი და ოლეს განცხადებებს შორის მსაჯებმა მანჩესტერს 5 პენალტი დაუნიშნეს, ჩვენ კი – ორი. ტყუილია, რომ იმ სიტყვებით არბიტრებზე რაიმე ზეგავლენა მოვახდინე. ხომ ყველამ იცით, რომ ასე არ ხდება. იუნაიტედი და პენალტები მართლაც საოცარი თემაა. დიახ, მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც საჯარიმოში ხშირად ტრიალებენ, თუმცა, ასეთივე სტილში ვთამაშობთ ჩვენც, თუმცა, 11-მეტრიანს ძალიან იშვიათად გვინიშნავენ. ეს ფაქტია, რომელიც არავის ანაღვლებს და საუბარიც აღარაა საჭირო”.

მოახლოებული მატჩი ოლდ ტრაფორდზეა დაგეგმილი და კვირას თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. პრემიერლიგის 8 ტურის თავზე ლივერპულს 18 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა, მანჩესტერ იუნაიტედს კი 14 ქულით მე-6 პოზიცია უკავია. ოლე გუნარ სულშერის გუნდს ინგლისის ჩემპიონატში უკვე 3 ტურია არ მოუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები