Thumbnail
  • რუსეთის საკალათბურთო ნაკრებს 50 წლის ზორან ლუკიჩი გაწვრთნის
  • ქართველი კალათბურთელები რუსებს ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდებიან

რუსეთის საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც მომავალი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე იქნება, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ის 50 წლის სერბი სპეციალისტი ზორან ლუკიჩი გახლავთ, რომელიც პარალელურად მუშაობას ნიჟნი ნოვგოროდში გააგრძელებს.

ლუკიჩმა სერგეი ბაზარევიჩი ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტზე 5 წელი გაატარა, თუმცა, ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა. ხორვატი მწვრთნელი რუსეთში ჯერ კიდევ 2006 წელს გამოჩნდა და უმეტესი პერიოდი სწორედ აღნიშნულ კლუბში აქვს გატარებული, ამას გარდა, რუსეთის 16-წლამდელთა ნაკრებსა და ცსკა-ს ახალგაზრდულ გუნდში უმუშავია, შუალედში კი, მცირე პერიოდი თურქულ ბანვითში გაატარა.

ლუკიჩის ხელში არაერთ ცნობილ რუს კალათბურთელს გაუვლია. მათ შორის დმიტრი ხვოსტოვს, ვლადიმირ ივლევს, ევგენი ბაბურინს და ანდრეი ვორონცევიჩს. სხვათა შორის, ამჟამად სწორედ ზორანის ხელმძღვანელობით თამაშობს 19 წლის ანტონ კარდანახიშვილი, რომელსაც ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში უკვე ჰქონდა დებიუტი და მას მერე ცსკა-მ ნიჟნი ნოვგოროდში გაანათხოვრა. ახლა, დიდი შანსია, ლუკიჩმა კარდანახიშვილი ჩამოიყვანოს თბილისშიც, რომელიც ევრობასკეტი 2022-ის ერთ-ერთი მასპინძელია.

შეგახსენებთ, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში საქართველოსა და რუსეთის გარდა ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი ითამაშებენ. კონკრეტულად ქართულ-რუსული დაპირისპირება გაისად 7 სექტემბერს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შედგება.

რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი.

სხვა საქმეა, რომ ზორან ლუკიჩს ახალ თანამდებობაზე ნათლობა უკვე მიმდინარე წლის ნოემბერში ექნება, როდესაც რუსეთის ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ჩაებმება. რუსები H ჯგუფში მოხვდნენ და 26 ნოემბერს იტალიას უმასპინძლებენ, 29-ში კი ისლანდიას ესტუმრებიან. მათი კიდევ ერთი მეტოქე ნიდერლანდებია, მომდევნო ეტაპზე კი ჯგუფის 3 საუკეთესო გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები