Thumbnail

რეალი გარეთ ბეილს გაუშვებს, მაგრამ სანაცვლოდ ძალიან ბევრს მოითხოვს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გარეთ ბეილი რეალში უკმაყოფილოა
  • მადრიდელები უელსელის გაყიდვაზე უარს არ იტყვიან
  • “სამეფო კლუბმა” ბეილი ძალიან ძვირად შეაფასა

როგორც ჩანს, მადრიდის რეალი გარეთ ბეილის გაყიდვაზე უარს არ ამბობს, მაგრამ ინგლისური მედიის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები “სამეფო კლუბი” უელსელს იმდენად ძვირად აფასებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე გრანდმა ამდენი გადაიხადოს.

რეალი ბეილის სანაცვლოდ იმდენად დიდ ფულს ითხოვს, რომ თვით ინგლისური კლუბებიც შეშინდნენ!

“მირორი” წერს, რომ ბეილი ჯამში 385 მილიონი ევრო ღირს!

ბეილმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა

ცხადია, ეს ასტრონომიული თანხაა და ვაჭრობაც, ალბათ, შეიძლება, მაგრამ “მირორის” ცნობით, რეალმა “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუთვალა, რომ მინიმუმ 200 მილიონი ფუნტი (230 მილიონი ევრო) უნდა.

თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, უკვე ცხადია, რომ ბეილი კიდევ ერთხელ გახდება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე. როგორც იცით, ახლა ეს სტატუსი ნეიმარს აქვს, რომელიც შარშან ბარსელონადან პსჟ-ში 222 მილიონად გაიყიდა.

ერთი სიტყვით, თუ იუნაიტედს უელსელის გადაბირება სურს, ტრანსფერში 230 მილიონი უნდა გაითვალისწინოს - პლუს ხელფასი 4-წლიანი კონტრაქტისთვის, რაც დაახლოებით 155 მილიონია.

“მირორში” იმასაც ვკითხულობთ, რომ ასეთმა ფასმა იუნაიტედის თავკაცი ჟოზე მოურინიო დააფიქრა. ღირს ამდენი ფულის ისეთ ფეხბურთელში გადახდა, რომელიც უკვე 29 წლისაა? პარალელურად, გერმანული გამოცემები წერდნენ, რომ ბეილი მიუნხენის “ბაიერნსაც” აინტერესებს და უკვე წარმოგვიდგენია, რას იტყოდა ასეთ ფასზე ბავარიული გრანდის შეფი კარლ-ჰაინც რუმენიგე, რომელიც მუდმივად აცხადებს, რომ ბაიერნი ფეხბურთელში 100 მილიონსაც კი არ გადაიხდის...

გარეთ ბეილის გრანდიოზული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში

კომენტარები

ბოლო ამბები