Thumbnail
  • 'განვითარებისთვის პრაქტიკა სჭირდებოდა, მისი შესაძლებლობები კი თავიდანვე სჩანდა'
  • ჩისკო მუნიოსმა ესპანური AS-თან ინტერვიუში ქართველ მეკარეზეც ისაუბრა

დინამო თბილისის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა, რომელიც ბოლოს პრემიერლიგის ბინადარ უოტფორდს თავკაცობდა, ვრცელი ინტერვიუ მისცა ესპანურ AS-ს და მათ შორის, ვალენსიას ქართველ გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი კარიერის სტარტზე სწორედ დინამოელთა ღირსებას იცავდა, ჩისკოს კი “ღამურების” მაისურით 2 წელის აქვს გატარებული.

“როდესაც მამარდაშვილთან ურთიერთობის საშუალება მქონდა, ის ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა, მისი ხასიათი ყოველთვის მომწონდა. პირველივე დღიდანვე ნათელი იყო, რომ გიორგის განვითარებისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა, მისი შესაძლებლობები კი თავიდანვე სჩანდა. ის იმ დონის მეკარეა, რომელიც ვალენსიასა და საქართველოს ნაკრებს მრავალი წლის განმავლობაში გამოადგება”, - განაცხადა ჩისკომ.

შეგახსენებთ, რომ მუნიოსი ინგლისურ უოტფორდში 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა. ის გუნდის მწვრთნელი 43 შეხვედრაში იყო და კლუბს 21 მატჩი მოაგებინა. ესპანელი სპეციალისტი უოტფორდს პრემიერლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა, მიმდინარე სეზონის 7 ტურში 7 ქულა ჰქონდა და მე-14 ადგილზე იყო, როდესაც გაათავისუფლეს. მიზეზი იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ ჩისკოს დასკვნა ჯერაც ვერ გამოუტანია.

“ამას ვერაფერს ვუკავშირებ. გასავარდნ ზონაში არ ვყოფილვართ, გასახდელში ჩხუბი არ მოგვსვლია და ქომაგებთანაც ჩინებული ურთიერთობა მქონდა. უბრალოდ, მითხრეს, რომ სამომავლოდ სხვა გეგმები ჰქონდათ და რაღაც სიახლე სურდათ. ცხადია, ამით კმაყოფილი არ დავრჩენილვარ, თუმცა, ვერაფერს ვიზამდი. ფაქტია, უოტფორდისთვის შვიდ ტურში 2 მოგება კატასტროფად ვერ ჩაითვლებოდა... როგორც არ უნდა იყოს, ახალ მწვრთნელ რანიერის წარმატებას ვუსურვებ. იმედია, უოტფორდში ისიც ისევე კარგად გრძნობს თავს, როგორც – მე”.

ჩისკო მუნიოსი დინამო თბილისს 2020 წელს წვრთნიდა

ჩისკო მუნიოსი დინამო თბილისის ღირსებას 2011-14 წლებში იცავდა და 98 მატჩში 62 გოლი გაიტანა. მან საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 2020 წელს ჩაიბარა და ამ პერიოდში გიორგი მამარდაშვილი თბილისის ლოკომოტივში იყო განათხოვრებული.

21 წლის ქართველი მეკარე ვალენსიაში ერთწლიანი იჯარით გადავიდა და ზაფხულში პრესეზონის მატჩებში თავი დამაჯერებელი თამაშით გამოიჩინა. ამგვარად, შანსი ლა ლიგაშიც მიიღო, სადაც პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. მან მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა (3 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი), 7 გოლი გაუშვა და 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები