Thumbnail
  • ჯორჯო კიელინის თქმით, კრიშტიანოს გადაწყვეტილებით გუნდმა შოკი მიიღო
  • რონალდომ იუვენტუსში 3 სეზონი გაატარა და 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა

იუვენტუსის 37 წლის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა. ევროპის ჩემპიონმა მცველმა აღნიშნა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე რონალდოს წასვლა შოკისმომგვრელი იყო და ამის გამო, იუვენტუსი სეზონის სტარტს მოუმზადებელი შეხვდა.

"ვგრძნობდი, რომ ზაფხულში წავიდოდა, რადგანაც ჩემი აზრით, ურთიერთობის იმ დონეზე ვიყავით მისულები, როდესაც ახალი სტიმული სჭირდებოდა. ისეთი გუნდი, რომელიც მისთვის ითამაშებდა. როცა ის ასეთ გუნდშია, ყოველთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამას ამტკიცებდა მთელი კარიერის განმავლობაში და ახლაც ამტკიცებს.

იუვენტუსში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, რონალდო რომ დარჩენილიყო, ჩვენთვის დამატებითი ღირებულება იქნებოდა და სიამოვნებით გამოვიყენებდით, მაგრამ ასე გუნდი უფრო ორიენტირებული იქნება აწმყოსა და არა მომავალზე.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა ადრე რომ წასულიყო და არა - სატრანსფერო პერიოდის ბოლოს. ასე უკეთ მოვემზადებოდით. მომხდარის გამო, გარკვეული საფასურის გადახდაც მოგვიწია, თუნდაც სეზონის სტარტზე დაკარგული ქულები გავიხსენოთ. 1 აგვისტოს რომ წასულიყო, სერია A-ს სტარტს უკეთეს ვითარებაში შევხვდებოდით", - თქვა კიელინიმ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში 2018-2021 წლებში თამაშობდა და 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში პორტუგალიელი ვარსკვლავი  მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა, რომლის მაისურითაც დღემდე 8-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები