Thumbnail
  • კოსტა რიკელი კეილორ ნავასის შემადგენლობიდან ამოგდება რთული ამბავია
  • იტალიელი მეკარის თავის რიგებში ხილვა ორ ევროპულ გრანდს სურს

ჯანლუიჯი დონარუმა და მისი აგენტი მინო რაიოლა პარი სენ-ჟერმენში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოები არიან. როგორც ირკვევა, 22 წლის იტალიელ მეკარეს პარიზულ გრანდში გადასვლის წინ სულ სხვა მოლოდინი ჰქონდა, რომელიც არ მართლდება. დონარუმამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, ფრანგული გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო კი უფრო მეტ აქცენტს კოსტა რიკელი კეილორ ნავასზე აკეთებს.

შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოა ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა, რომლის მიზანია მისი ყველა კლიენტი, განსაკუთრებით კი, ტოპ ფეხბურთელები, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყვნენ. შესაბამისად, რაიოლა ვერ ხვდება, თუ რატომ გაიფორმა პსჟ-მ დონარუმა თუ ის მხოლოდ ნავასის შემცვლელად სჭირდებოდა.

მინო რაიოლას ჯანლუიჯი დონარუმას ბედი აღელვებს

კეილორის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება ძალიან რთული იქნება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. იგი უკვე დიდი ხანია პარიზულ გუნდში ირიცხება და სიტუაციასთან კარგად არის ადაპტირებული. კოსტა რიკელს ასევე აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც მან მადრიდის რეალში თამაშის დროს მიიღო და პსჟ-ს გასახდელშიც ერთ-ერთი ლიდერია. ამას გარდა, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავასს სამხრეთამერიკელები - ლიონელ მესი და ნეიმარი ლობირებენ. აქედან გამომდინარე, დონარუმას ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება გაუჭირდება.

მინო რაიოლა სიტუაციას აკვირდება. თუ სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდა, იგი იტალიელი მეკარის ახალ გუნდში გადაყვანას შეეცდება. ამ დროისთვის ახალგაზრდა კიპერს ორი ევროპული გრანდი - ბარსელონა და იუვენტუსი აკვირდება.

შეგახსენებთ, რომ დონარუმა პარი სენ-ჟერმენში მიმდინარე სეზონის დასაწყისში მილანიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით, სრულიად უფასოდ გადავიდა. ჯანლუიჯის იუვენტუსის ვარიანტი პარიზში გადასვლამდეც ჰქონდა, თუმცა მაშინ "როსონერიმ" ყველაფერი გააკეთა, რომ იტალიელს საზღვრებს გარეთ ეთამაშა და კონკურენტ გუნდში არ გადასულიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები