Thumbnail

ძიუდო | საქართველო ახალგაზრდულ ევროპირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტურნირს 5-7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს
  • ტატამიზე საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებსაც ვიხილავთ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გამოვა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც 5-7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ტურნირზე 14 ქართველი ძიუდოისტია (9 ვაჟი+5 გოგონა) დარეგისტრირებული, რომელთა შორის ეროვნული გუნდის წევრებიც იმყოფებიან. მათგან ყველაზე სახელოვანი 21 წლის ტატო გრიგალაშვილია, რომელიც IJF-ს რეიტინგში 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე იმყოფება.

გრიგალაშვილმა შარშან ევროპის ჩემპიონატი მოიგო, წლეულს – მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლი დაისაკუთრა. ტატომ გასულ კვირას პარიზის მასტერსზე იასპარეზა და იქაც ფინალში გასვლა მოახერხა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სრული განაცხადი ასე გამოიყურება:

უნგრეთში დაგეგმილ ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანსაც ვიხილავთ

ვაჟები

გიორგი თუთაშვილი (66 კგ.), ალეკო მამიაშვილი (73 კგ.), ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი (ორივე – 81 კგ.), ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ.), გიორგი ჩიქოვანი, ილია სულამანიძე (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +100 კგ.).

გოგონები

ნატალია ყიფშიძე (48 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

ამ დროისთვის 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე 31 ქვეყნის წარმომადგენელი 228 ძიუდოისტია (129 ვაჟი+99 გოგონა) დარეგისტრირებული. შეგახსენებთ, რომ შარშან ტურნირს ხორვატიის ქალაქმა პორეცმა უმასპინძლა და ის ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით დასრულდა, რომელთაც 8 მედლით (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) პირველი გუნდური ადგილი დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) დაეუფლნენ, ჯაბა პაპინაშვილს (60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილს (66 კგ.), ვლადიმერ ახალკაცსა (81 კგ.) და ონისე სანებლიძეს (100 კგ.) კი ბრიბჯაოს მედლები ერგოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები