Thumbnail
  • შარლოტი 123:122 ინდიანა
  • ქართველი ცენტრი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი სეზონი გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმაც გახსნა, თუმცა, ეს ქართველი ცენტრის გარეშე გააკეთა. შარლოტ ჰორნეტსთან საგარეო შეხვედრა ისე ჩამთავრდა, 22 წლის ბითაძე სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

საინტერესოა, რომ პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი ხუთეულის გარდა, მხოლოდ 3 კალათბურთელი დატვირთა, რაც ამ დონის მატჩებში საკმაოდ იშვიათად ხდება. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა: საფინალო სირენასთან ერთად დომანტას საბონისმა ესროლა, თუმცა, ააცილა და ინდიანა 122:123 დამარცხდა.

დომანტას საბონისმა გადამწყვეტი სროლა ააცილა

არადა, ლიეტუველ ფორვარდს იმ დროისთვის უკვე 33 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა და ცხადია, ბოლო წარმატებული შეტევის შემთხვევაში, მატჩის გმირიც ის გახდებოდა. სტუმართაგან თავი მალკოლმ ბროგდონმა (28 ქულა, 11 პასი) და გუნდის ახალწვეულმა კრის დუარტემაც (27 ქულა) გამოიჩინეს, პეისერსის სასტარტო ცენტრი მაილს ტერნერი კი 26 წუთში 9 ქულასა და 7 მოხსნას დასჯერდა.

ჰორნეტსის რიგებში ყველაზე შედეგიანი ლამელო ბოლი იყო, რომელსაც ლამის სამმაგი დუბლი ჰქონდა: 31 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი. 27 ქულა ჩააგდო გორდონ ჰეივორდმა, ხოლო მეისონ პლამლიმ 8 ქულას 10 მოხსნა და 5 პასი წაამატა.

ინდიანა პეისერსი მომდევნო მატჩს ისევ სტუმრად ჩაატარებს. გოგა ბითაძის გუნდი 23 ოქტომბერს ვაშინგტონში უიზარდსს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები