Thumbnail

8 ნოემბერს, MMA-ში GFC-ის (Georgian Fighting Championship) ორგანიზებით, მორიგი ორთაბრძოლები გაიმართება, რომელშიც ქართველი მებრძოლების გარდა, უცხოელი სპორტსმენებიც იჩხუბებენ. GFC 14-ზე სულ 16 მებრძოლი იასპარეზებს. 8 ბრძოლიდან 5 შეხვედრა მეინ ქარდზე იქნება, მაგრამ ანდერ ქარდსაც თავისი ინტრიგა აქვს.

მამიკონ ბეგოიანმა ტრავმის გამო ფინალში ვერ იჩხუბა და ოქტაგონზე 6-თვიანი პაუზის შემდეგ გავა. მეინ ქარდზე ისეთ მებრძოლებს ვნახავთ, რომლებსაც ევროპულ ორგანიზაციაში ჩხუბის გამოცდილებაც აქვთ, რაც GFC-ს პრესტიჟს ზრდის. GFC 14-ის მეინ ქარდზე ამირან გოგოლაძე, მიხეილ მესხი, სოფია ბაღიშვილი და ასლან გორგიშვილი იჩხუბებენ.

ტურნირი 19:00 დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე გადაიცემა.

GFC 14-ით ქართული MMA-ს სეზონი დაიხურება და ეს იქნება შოუ, სადაც შეიძლება ნოკაუტების რეკორდები მოიხსნას. რამდენიმე მებრძოლი რევანშისთვის იჩხუბებს, ხოლო მეინ ქარდის მთავარ ბრძოლაში, ამირან გოგოლაძე ირანელი ალირეზა შარიათის ნოკაუტში გაგზავნას ეცდება.

UNDER CARD - სარეიტინგო ბრძოლები

👊 93 კგ: იასინ იოსელიანი (საქართველო) VS მამიკონ ბეგოიანი (საქართველო)

საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში იასინ იოსელიანი ვაჟა მაჭარაშვილთან დამარცხდა, რომელსაც მეორე ტურში სწორედ მამიკონ ბეგოიანმა მოუგო. ამ უკანასკნელს საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ქამრისთვის უნდა ეჩხუბა, თუმცა ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ტრავმა მიიღო, რის გამოც მანუჩარ ერქვანია ფინალში სოსლან გასიევს დაუპირისპირდა.

იოსელიანი პროფესიონალურ კარიერაში მეორედ იჩხუბებს და პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება. რაც შეეხება მამიკონს: მას 2-დან 2 ბრძოლა აქვს მოგებული და მისი მიზანი ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება იქნება. იოსელიანი ბეგოიანზე მაღალია და ამ უპირატესობის გამოყენება უნდა სცადოს. შეგახსენებთ, რომ მაჭარაშვილთან ჩხუბისას იოსელიანი უპირატესობას ფლობდა, თუმცა მაჭარაშვილმა ფიზიკური გამძლეობის ხარჯზე ბრძოლა შემოატრიალა და გამარჯვება მოიპოვა.

იოსელიანი ბეგოიანთან პირველი მოგებისთვის იბრძოლებს

👊 93 კგ: შალვა მეტრეველი (საქართველო) VS მიხეილ საჟინიანი (საქართველო)

ამ მებრძოლებმა პირველად ერთმანეთის წინააღმდეგ ყაზბეგში იჩხუბეს, სადაც შალვა მეტრეველმა ბრძოლისას თითი დაიზიანა, რის გამოც გამარჯვება მიხეილ საჟინიანს დარჩა.

35 წლის მეტრეველი ოქტაგონზე მეორე პროფესიონალურ ბრძოლას ჩაატარებს. მისი მეტოქე მებრძოლთა კლუბ სპარტას წევრი საჟინიანი მე-5 გამარჯვების მოპოვებას ეცდება. სავარაუდოდ, საჟინიანი ამ ბრძოლაში ფავორიტი იქნება, მაგრამ მეტრეველს რევანში სურს და მაგარ ჩხუბს უნდა ველოდოთ.

👊 70.3 კგ: მამუკა ზარავანდიშვილი (საქართველო) VS მიშა გორიაშვილი (საქართველო)

ანდერ ქარდზე მიშა გორიაშვილს მეტოქე შეეცვალა და ნიკა ხელაიძის ნაცვლად ის მამუკა ზარავანდაშვილთან იჩხუბებს.

''სამი დღით ადრე გავიგე, რომ უნდა მეჩხუბა. ცხადია, ამ ბრძოლისთვის მომზადება რთული იყო, მაგრამ სისტემატურად ვვარჯიშობ და ფორმაში ვარ. ჩემი მეტოქე გამოცდილი მებრძოლია, მაქსიმუმს გავაკეთებ მასთან წარმატების მისაღწევად'', - განაცხადა ზარავანდაშვილმა.

გორიაშვილს 2-წლიანი პაუზა ჰქონდა, მაგრამ მან წელს ერთი ბრძოლის ჩატარება მოასწრო და ყაზბეგში ოთარ ხაჩიურიძე დაამარცხა. მიშა გორიაშვილს მცირე უპირატესობა ექნება, თუმცა ზარავანდიშვილიც ბოლომდე იბრძოლებს და ეცდება, რომ მეტოქეს არაფერი დაუთმოს.

MAIN CARD - 5 საუკეთესო დუელი

👊 77.1 კგ: არტურ აღაჯანიანი (სომხეთი) VS ასლან გორგიშვილი (საქართველო)

მეინ ქარდის პირველივე ბრძოლა დიდ ინტერესს იწვევს. სომეხი სპორტსმენი 3 მოგებითა და 1 მარცხით ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ასლან გორგიშვილისგან განსხვავებით, ოქტაგონზე 2 წელია არ გასულა. ასლანმა 2021 წელი რუსლან ბოლქვაძესთან გამარჯვებით დაიწყო. ეს ბრძოლა ქართული MMA-ს ქომაგმა აუცილებლად უნდა ნახოს. ორივე მებრძოლმა ერთმანეთს ფეხებში ბევრი ურტყა და მოგება ასლანს დარჩა. ''პანკისელი ლომი'' სამშობლოში 8-თვიანი პაუზის შემდეგ იჩხუბებს და ქომაგი მისგან მხოლოდ გამარჯვებას ელის.

აღაჯანიანს პაუზის შემდეგ პირველი მოგება სურს, გორგიშვილს კი შანსი აქვს, რომ კარიერაში მე-10 საიუბილეო გამარჯვება იზეიმოს.

👊 48.5 კგ: საჰარ დინდუსტი (ირანი) VS სოფია ბაღიშვილი (საქართველო)

სოფია ბაღიშვილმა GFC-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე 2-ჯერ იჩხუბა და მეტოქე ორივე შემთხვევაში უშანსოდ დაამარცხა. ბაღიშვილმა თბილისის ოქტაგონზე აზერბაიჯანელი შირინ მამადოვა დააძინა, ხოლო ყაზბეგში თურქ აიბუკე იმანჩის მტკივნეული ილეთით მოუგო. ბაღიშვილის მიზანი UFC-ში მოხვედრაა. მას სურს, რომ მეორე ქართველი გოგო გახდეს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდ ორგანიზაციაში იჩხუბებს, ამისთვის კი საჰარ დინდუსტის წინააღმდეგ იოლი გამარჯვების მოპოვებაა საჭირო.

გაიცანით სოფია ბაღიშვილი

MMA | აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი, რომლის თავარი მიზანი UFC-ში ქამრისთვის ჩხუბია! 🥊🇬🇪 გაიცანით სოფია ბაღიშვილი. europebet სოფიას მხარდამჭერია 🤝

Posted by popsport on Monday, October 25, 2021


29 წლის ირანელი სპორტსმენი საქართველოში ერთი წაგებით ჩამოდის. მან ბრძოლა სომეხ სედა არაქელიანთან დათმო. სედამ დინდუსტი პირველივე რაუნდში დაამარცხა

👊 70.3 კგ: მატინ საფარი (ირანი) VS მიხეილ მესხი (საქართველო)

მიხეილ მესხის დიდი დაბრუნება ოქტაგონზე არ უნდა გამოტოვოთ! ქართველ მებრძოლს 4-დან 4 მოგება აქვს და ქომაგს დიდ შოუს ჰპირდება. მესხი მე-13 ლეგიონის მთავარი მწვრთნელია. სხვა სპორტსმენების დახმარების პარალელურად, პირად კარიერაზე 2 წელი უარი თქვა. ის მშობლიურ ახალციხეში დაბრუნდა და იქ MMA-ს მომავალ ჩემპიონებს ზრდის. მიხეილს მარტინ საფარი წინააღმდეგ ჩხუბი მოუწევს.

ირანელი ქართველზე 10 წლით უმცროსია და საქართველოში მოსაგებად ჩამოდის. მას კარიერაში 2-დან 2 მოგება აქვს. მესხს მეტოქე კარგად ჰყავს შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ოქტაგონზე დიდი ხანია არ გასულა, ის მუდმივად ვარჯიშობდა ისეთ სპორტსმენებთან, რომლებიც საერთაშორისო ტურნირებზე და GFC-ს ორგანიზებულ ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. შესაბამისად, ამ ბრძოლის ფავორიტი მესხი იქნება, თუმცა ირანელი მარტივად არაფერს დათმობს.

👊 61.2 კგ: ილგარ გაფაროვი (აზერბაიჯანი) VS ბექა გოგალაძე (საქართველო)

ყაზბეგში გამართული ჩხუბის შემდეგ, ილგარ გაფაროვი და ბექა გოგალაძე ერთმანეთის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ წარსდგებიან. 25 წლის გაფაროვმა მარტსა და აპრილში ზედიზედ ორი ბრძოლა მოიგო, რის შემდეგაც გოგალაძესთან დამარცხდა და რევანში მოითხოვა.

გაფაროვი აგრესიული სტილით გამოირჩევა. მან ელკან აკაევი სამკუთხა ილეთით "დაახრჩო", ხოლო ელმან აგაევს ნოკაუტით აჯობა.

გოგალაძე ოქტაგონს 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მას კარიერაში 6 მოგება და 1 მარცხი აქვს. გოგალაძემ გაფაროვთან ყაზბეგში 3 რაუნდი იჩხუბა, ქართველს მეტოქე პარტერში გადაჰყავდა და იქ ცდილობდა, რომ კონტროლი არ დაეკარგა, რამაც შედეგი გამოიღო.

აღსანიშნავია, რომ ბექას 3 აზერბაიჯანელი მეტოქე ჰყავს დამარცხებული - გაფაროვის გარდა, მან სეინორ მაგადისა და თოგრულ თაგიზადეს აჯობა. გოგალაძემ ორივე მეტოქეს პირველივე რაუნდში მოუგო.

📺 გაფაროვი VS გოგალაძე - ყაზბეგის ბრძოლა

👊 77.1 კგ: ალირეზა შარიათი (ირანი) VS ამირან გოგოლაძე (საქართველო)

ასეთი რამის წარმოდგენა რთულია, მაგრამ ამირან გოგოლაძემ ბრაზილიელ ჰენდერსონ ფერეირასთან 3 რაუნდი გატეხილი ნეკნით იჩხუბა. გოგოლაძემ უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა, მაგრამ მთავარ მწვრთნელს მიხეილ მესხს შეხვედრა მაინც არ გააჩერებინა. ამირანმა პოპსპორტთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავზეა გაბრაზებული და სურს, რომ ჩხუბი გამარჯვებით დაასრულოს. გოგოლაძეს კარიერაში 11 მოგება და 2 მარცხი აქვს. მასზე რამდენიმე თვის წინ აქტიურად იწერებოდა, რომ UFC-ში უნდა ეჩხუბა. ამირანს 11-დან 9 ბრძოლა პირველივე რაუნდში აქვს მოგებული.

გოგოლაძის მთავარი მიზანი გამოცდილი ირანელის ნოკაუტით დამარცხება იქნება. ალირეზა შარიათი კარიერაში მე-11 ბრძოლას გამართავს. მას 6 მოგება და 4 მარცხი აქვს. ამირან გოგოლაძის მეტსახელი "სნაიპერია", ირანელს კი სპორტულ სამყაროში შეშლილი ლომის სახელით იცნობენ. მოკლედ, ოქტაგონზე ''დიდი ნადირობა'' გველის, რომელიც სნაიპერის ნოკაუტით უნდა დასრულდეს.

8 ნოემბერს ოქტაგონზე ძალიან მაგარი ჩხუბები გაიმართება, სადაც ბევრი ნოკაუტი გველის. სეზონის დასკვნითი შოუ არ უნდა გამოტოვოთ!

წლის ყველაზე საინტერესო ღონისძიებას ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე იხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები