Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურის მთავარი მატჩი დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს შორის ფრედ (1:1) დასრულდა. ოსეი ბარნსის გოლს ჯაბა ჯიღაურმა უპასუხა და გუნდებს შორის სტატუს ქვო შენარჩუნდა.

თამაში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა - გია გეგუჩაძე შედეგით კმაყოფილი იყო, ხოლო კახა ცხადაძე - არა, რაც ბუნებრივია, რადგან მისი გუნდი კონკურენტს ისევ 7 ქულით ჩამორჩება.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): "ორივე გუნდს სურდა გამარჯვება. ვერ ვიტყვით, რომ ერთმა ან მეორე გუნდმა ფრეზე ითამაშა. დაძაბული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თამაში რომ იქნებოდა, როგორც ჩვენთვის, ისე დინამო თბილისისთვის, კარგად გვესმოდა. მთლიანობაში, შედეგს დადებითად ვაფასებ, რადგან შევინარჩუნეთ უპირატესობა. დარჩენილ შეხვედრებში გადაწყდება ჩემპიონობის ბედი და ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება".

კახა ცხადაძე (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი): "რა თქმა უნდა, შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის, რადგან 7 ქულაა სხვაობა. რაც შეეხება თამაშს, ძალიან საინტერესო, დაძაბული მატჩი იყო, ისეთი, როგორც ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს შეეფერება. ძალიან კარგად დავიწყეთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, კარგი გოლიც გავიტანეთ. ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტი იყო 1:0-ზე, როცა მარუშიჩმა მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ გაიტანა. ამის შემდეგ ძალიან ბევრი წუნი გვქონდა, ბურთი დავუთმეთ დინამო ბათუმს, რომელიც ბურთით ძალიან ძლიერია და ინდივიდუალურად მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ეს იყო ჩემთვის ძალიან ცუდი, რომ მეტოქეს ინიციატივა პირველ ტაიმში მთლიანად დავუთმეთ. მეორე ნახევარში კი ვფიქრობთ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ, გვაკლია ინდივიდუალური ოსტატობა - ბოლო გადაცემა, ბოლო დარტყმა თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც გუნდურად ქმნი, რეალიზება სჭირდება და თუ გოლს ვერ გაიტან, თამაშს ვერ მოიგებ. თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს ვაძლევთ. იგივე კალანდაძემ ძირითადში ითამაშა და საკმაოდ ნორმალურადაც. იგივე მოისწრაფიშვილი - აშკარად ჩანს პოტენციალი. სკამზე გვყავს დინამო 2-ის ექვსი ფეხბურთელი და მათზე ამ სეზონშიც აქცენტს გავაკეთებთ, რათა მომავალში ძირითადის სრულფასოვანი წევრები გახდნენ.

ძალიან დასანანია. ვფიქრობ, რომ მოსაგები თამაში იყო, მისი დასაწყისიდან გამომდინარე. თუმცა, გია გეგუჩაძეს ძალიან სერიოზული გუნდი ჰყავს, აქ ფანტასტიკური ატმოსფერო და სტადიონია. პირველად ვარ აქ და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ეს გააკეთა და ჩვენს ქვეყანაში ასეთი ულამაზესი, სუფთა საფეხბურთო სტადიონი გვაჩუქა. წარმატებები ყველას, ჩვენ კი ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ და ვნახოთ, რა მოხდება. რა თქმა უნდა, ვრჩებით საჩემპიონო ბრძოლაში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 6 თამაში დარჩა".


შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმს 64 ქულა აქვს, დინამო თბილისს 57 და სეზონის ფინიშამდე მხოლოდ 6 ტური რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ზღვისპირელთა ხელთაა და ისტორიულ, პირველ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან.

მომდევნო ტურში გია გეგუჩაძის გუნდი 24 ოქტომბერს, სტუმრად სამტრედიას შეხვდება, ხოლო თბილისელები იმავე დღეს, ასევე გასვლაზე საბურთალოს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები