Thumbnail

20 ოქტომბერს NBA-ში მეექვსე ქართველი კალათბურთელის დებიუტი შედგა, სანდრო მამუკელაშვილმა ჩემპიონ მილუოკის რიგებში სეზონის გახსნის მატჩში ითამაშა, მოედანზე 7 წუთი გაატარა და თითო მოხსნა და პასი მიითვალა. 

მატჩის შემდეგ ბრუკლინ ნეტსის მძიმე ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა, რომელიც სანდროზე 10 წლით უფროსია, ქართველ ახალბედას საკუთარი მაისურა უსახსოვრა წარწერით: "სანდრო, გააგრძელე შრომა, შენი ადგილი აქ არის". მამუკელაშვილი გრიფინს მადლობას უხდის და მას "უფროს ძმას" უწოდებს. 

შეგახსენებთ, რომ ბლეიკ გრიფინი 2009 წლის დრაფტის ნომერ პირველი არჩევანი იყო, მას ნეტსამდე კლიპერსა და პისტონსში (სადაც ზაზა ფაჩულიას გუნდელი იყო) უთამაშია. გრიფინი "ოლ სტარში" კარიერაში 6-ჯერ აირჩიეს. 

სანდრო მამუკელაშვილი მე-6 ქართველია ვლადიმერ სტეფანიას, ნიკა ცქიტიშვილის, ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძის შემდეგ, ვინც NBA-ში ითამაშა. სეტონ ჰოლის ისტორიაში ის 28-ე კალათბურთელია, ვინც შეძლო მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში თამაში. სანდრო წლევანდელი დრაფტის პირველი კალათბურთელია, ვისი დებიუტიც შედგა.

ბრუკლინთან მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა მხოლოდ 7 წუთი ითამაშა და ამერიკაში მის თამაშს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მიმომხილველები ძირითადად, აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ მილუოკის რიგებში უკვე საკმარისზე მეტი გახდა ისეთი კალათბურთელების სია, რომელთა გვარიც ძნელი წარმოსათქმელია. თუმცა იყო სხვა შეფასებებიც. მაგალითად, The Athletic-ის ზაკ ჰარპერი წერს, რომ სანდრო მამუკელაშვილი ერთდროულად ბრუკ ლოპესსაც ჰგავს თამაშის სტილით და ნიკოლა მიროტიჩსაც. მიმომხილველებმა ისიც ახსნეს, რომ 3-წუთიან მონაკვეთში სანდროს ჯეიმს ჰარდენის შეჩერება გაუჭირდა და ბრუკლინელმა 3 სამქულიანი ჩააგდო, თუმცა ეს ბუბებრივია იმის გათვალისწინებით, რომ მამუკელაშვილი კარიერაში პირველ წუთებს ატარებდა მოედანზე ასოციაციის ეგიდით. 


მილუოკი მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს მაიამი ჰითთან ჩაატარებს და იმედია, სანდროს თავის გამოჩენის საშუალება იქაც მიეცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები