Thumbnail

'ეს იყო მილანის ყველაზე ცუდი მატჩი' - ზლატან იბრაჰიმოვიჩი პორტუსთან წაგებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პორტუ 1:0 მილანი
  • სტეფანო პიოლის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე მატჩი წააგო
  • პორტუსთან მატჩის შემდეგ იბრამ მილანსა და საკუთარ თავზე ისაუბრა

მილანს ჩემპიონთა ლიგაში კატასტროფული შედეგები აქვს. სტეფანო პიოლის გუნდმა B ჯგუფში მესამე თამაშიც წააგო - სტუმრად პორტუსთან (0:1) და სამი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა. 

"დრაგაუზე" გამართულ შეხვედრაში ცვლილებაზე მილანელთა შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც ითამაშა, თუმცა 40 წლის ვარსკვლავმა, რომელსაც სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა და მოედანს ახლახან დაუბრუნდა, გუნდი წაგებისგან ვერ იხსნა. 

მატჩის შემდეგ იბრამ მედიასთან მილანის მდგომარეობასა და საკუთარ თავზე ისაუბრა:

"ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ჩატარებული სამი მატჩიდან, პორტუსთან თამაში ჩვენთვის ყველაზე ცუდი გამოვიდა. ქულებს არ ვიმსახურებდით.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მილანის ბევრი ფეხბურთელისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაში პირველი გამოსვლაა. საჭიროა ზრდა და გამოცდილების დაგროვება. რა თქმა უნდა, ეს გამართლება არაა. ჩვენ მილანი ვართ და ვალდებული ვართ, ქულები არამხოლოდ სერია A-ში, ჩემპიონთა ლიგაშიც დავაგროვოთ. 

პროგრესი უნდა გავაგრძელოთ და ასეთი მატჩებისგან გაკვეთილი მივიღოთ. ეს წაგება სამყაროს დასასრული არ არის, წინ კიდევ ბევრი თამაშია. ჯგუფში კიდევ სამი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი, თავდაჯერება უნდა შევინარჩუნოთ. 

რა თქმა უნდა, თავს მოედანზე უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე მის გარეთ, მაგრამ ნელ-ნელა ვუმატებ. ჩემი მდგომარეობა სულ უფრო უმჯობესდება. სათამაშო დრო მჭირდება, რათა რიტმის შეგრძნება დავიბრუნო", - თქვა ზლატანმა.

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფს სამი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლივერპული (9 ქულა) ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილებს 4-4 ქულთ ატლეტიკო და პორტუ იყოფენ. მილანი (0) ბოლო ადგილზეა. მომდევნო ტურში, 3 ნოემბერს, მილანი პორტუს მიიღებს, ლივერპული კი - ატლეტიკოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები