Thumbnail

'მათთან დაპირისპირება სერიოზული გამოცდა იქნება' - რუსი მორაგბეები შავ ლომზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 23 ოქტომბერი | ⌚ 13:30 | 🏉 ლოკომოტივი პენზა V შავი ლომი | 📺 რაგბი TV
  • 'ეს, თითქმის საქართველოს ნაკრებია და ტიპურ ქართულ რაგბსაც თამაშობენ'

ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასზე მორიგი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 23 ოქტომბერს რუსეთში პენზის ლოკომოტივთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ შავმა ლომმა ახლადდაარსებულ ტურნირზე სადებიუტო მატჩი გასულ უქმეებზე ჩაატარა და თბილისში ისრაელის წარმომადგენელ თელ ავივ ჰითს 33:10 სძლია. იმ შეხვედრას თვალი რუსული კლუბის მორაგბეებმაც მიადევნეს და ქართული ფრენჩაიზის თამაშიც შეაფასეს.

ალეკსანდრ გუდოკი: “მატჩი ღია და საინტერესო გამოვიდა. უფრო მეტად ყურადღებას ქართულ მივაქცევდი, რომლის ფორვარდებიც ძლიერები არიან როგორც მოლსა და შერკინებაში, ასევე - ღია თამაშსა და მიწაზე ბრძოლაში. სამმეოთხედელები ინდივიდალურად მაგრად არიან მომზადებულნი. საერთო ჯამში, მცირე ნერვიულობა იგრძნობოდა, თუმცა, ეტყობოდათ, რომ მეტიც შეუძლიათ”.

ვლადისლავ პერესტიაკი: “ლომები” – ეს, თითქმის საქართველო ნაკრებია! ახალგაზრდობისა და გამოცდილების ნაზავია, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათ რამით გაგვაოცეს. კარგი თამაში მიწაზე, შერკინებაში და ზოგადად, ძლიერი ფორვარდები! ხაზი, ჯერჯერობით, ძიებაშია. ვფიქრობ, შეცდომებს გაანალიზებენ და უფრო მოუმატებენ”.

ქართულ ფრენჩაიზს სუპერთასზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ჯეიმს დაუნი: “შავი ლომი” ძალიან ძლიერი გუნდი სჩანს. ეტყობათ, რომ საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება აქვთ და ტიპურ ქართულ რაგბს აჩვენებენ – ფიზიკურად აქტური თამაში, შერკინება და მოლი. მათთან დაპირისპირება სერიოზული გამოცდა იქნება.

რუდი ვან როიენი: “ქართული ფრენჩაიზი კარგად არის მომზადებული, ბიჭები ერთმანეთს იცნობენ და მოედანზე თავისი როლი ყველამ იცის. ძლიერი ფორვარდები ჰყავთ. სამმეოთხედელებს გაშლილი თამაში უყვართ და შეტევაში სახიფათონი არიან. ფიზიკურად ძალიან დატვირთული მატჩი იქნება და წარმატებისთვის 80 წუთის განმავლობაში ჩვენი საუკეთესო რაგბი უნდა ვაჩვენოთ. შეხვედრას, ისევე, როგორც სრულიად გუნდი, მოუთმენლად ველი”.

შეგახსენებთ, რომ შავი ლომისგან განსხვავებით, პენზის ლოკომოტივს სუპერთასზე უკვე 2 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, მოგება ჯერაც არ გააჩნია. ალეკსანდრ იანუშკინის შეგირდებმა ენისეისთან კრასნოიარსკში 6:22 წააგეს, პენზაში კი – 21:44. ლოკომოტივისა და შავი ლომის მატჩი 23 ოქტომბერს (თბილისის დროით 13:30 საათიდან) სტადიონ პერვომაისკიზეა დაგეგმილი და მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ცნობისთვის, პენზელთა რიგებში 5 ქართველი მორაგბე (რევაზ ბროძელი, ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი, ნიკა ცირეკიძე და გიორგი ჭყოიძე) ირიცხება, ფორვარდების მწვრთნელი კი დავით გურგენაძეა.

კომენტარები

ბოლო ამბები