Thumbnail
  • ატლეტიკო 2:3 ლივერპული
  • ატლეტიკოს თავკაცმა მატჩის შემდეგ თავის ვიზავის ხელი არ ჩამოართვა
  • ამის შესახებ მოგვიანებით დიეგო სიმეონემ და იურგენ კლოპმა ისაუბრეს 

მადრიდის ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრა შინ ლივერპულთან წააგო. "ვანდა მეტროპოლიტანოზე" სტუმრები მოჰამედ სალაჰისა და ნაბი კეიტას გოლებით თავიდანვე დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე ანტუან გრიზმანმა დუბლი შეასრულა. ეს უკანასკნელი მეორე ტაიმში გააძევეს, საბოლოო ანგარიში კი სალაჰმა 11-მეტრიანით დააფიქსირა - 2:3.

თამაშის დასრულების შემდეგ მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მეტოქე გუნდის თავკაცს, იურგენ კლოპს ხელი არ ჩამოართვა და სწრაფად შეირბინა ტრიბუნის ქვეშ სივრცეში.

მოგვიანებით არგენტინელ სპეციალისტს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მოუხდა: 

"თამაშის შემდეგ სხვა მწვრთნელებს ხელს ყოველთვის არ ვართმევ, რადგან არ მომწონს ეს ჟესტი და არ ვიზიარებ ამ დამკვიდრებულ წესს. არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია. ამ საკითხზე ასეთი შეხედულება მაქვს. აი, სხვა დროს რომ ვნახავ კლოპს, ალბათ ხელს ჩამოვართმევ", - თქვა სიმეონემ, რომელმაც უშუალოდ თამაშიც შეაფასა.

"ეს იყო რთული თამაში ბრწყინვალე გუნდის წინააღმდეგ. შეხვედრა ისე ვერ დავიწყეთ, როგორც გსურდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეორედაც გაგვიტანეს, უკეთესად ავთამაშდით. იყო საკმარისი შესაძლებლობები ანგარიშში წინ გასასვლელად. საუკეთესო შანსი მეორე ტაიმში გვქონდა, მაგრამ მათმა მეკარემ ბრწყინვალე სეივი განახორციელა".

იურგენ კლოპი  და დიეგო სიმეონე ერთმანეთს 3 ნოემბერსაც დაუპირისპირდებიან

მატჩის შემდეგ ხელის არჩამორთმევაზე ლივერპულის თავკაცმა იურგენ კლოპმაც ისაუბრა. 

"ჩვენ ეს არ მოგვწონს, მაგრამ სიტუაცია ნათელია. მე მსურს მისთვის ხელის ჩამორთმევა. მისი რეაქცია არ იყო კარგი. მომდევნო ჯერზე, როდესაც შევხვდებით, ერთმანეთს აუცილებლად ჩამოვართმევთ ხელს. ის აშკარად გაბრაზებული იყო, მაგრამ არა ჩემზე, არამედ თამაშზე. სხვა არაფერი", - თქვა გერმანელმა.


ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში სამივე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდეგობს. ატლეტიკო, რომელსაც 4 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა. ლივერპულსა და ატლეტიკოს კიდევ ერთი დაპირისპირება, ამჯერად "ენფილდზე" 3 ნოემბერს ჩატარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები