Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა | მესის პირველი დუბლი პსჟ-ში - ლივერპულმა რევანში აიღო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 ტურის 6 მატჩი გაიმართა და ჯგუფურ ეტაპზე ძალიან საინტერესო ვითარება შეიქმნა. ლივერპულმა მადრიდის ატლეტიკოსთან 2020 წელს განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო, მილანმა ზედიზედ მესამედ წააგო, ხოლო ტირასპოლის შერიფის დაუმარცხებელი სერია დასრულდა.

B ჯგუფი

ჯგუფის და დღის ცენტრალურ შეხვედრაში მადრიდის ატლეტიკომ ლივერპულს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. მატჩი ინგლისურმა კლუბმა შესანიშნავად დაიწყო და მე-13 წუთზე ობურთიანი უპირატესობა ჰქონდა. ჯერ მოჰამედ სალაჰმა გახსნა ანგარიში და შემდეგ ნაბი კეიტამ შორი მანძილიდან ულამაზესი გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა. თუმცა, შემდეგ ატლეტიკომ მოახერხა თამაშში გარდატეხი შეტანა და მალევე დიდ უპირატესობას დაეუფლა. დიეგო სიმეონეს გუნდის რიგებში საუკეთესო ანტუან გრიზმანი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და შესვენებამდე წონასწორობა აღადგინა. ფრანგ ფორვარდს პირველ ტაიმში გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ალისონს ვერ აჯობა. თუმცა, გრიზმანი, რომელიც გმირი იყო, პრაქტიკულად ანტიგმირად გადაიქცა. 52-ე წუთზე ანტუანმა მეტოქეს ფეხი სახეში ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო. გაძევებამ თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა და ატლეტიკომ ბოლომდე ვერ გაძლო. ლივერპულმა სალაჰის პენალტით მოიგო - 3:2.

იურგენ კლოპის გუნდს 9 ქულა აქვს და პლეო ოფის საგზური პრაქტიკულად ჯიბეში უდევს, ხოლო ატლეტიკოს აქტივში 4 ქულაა, ისევე, როგორც პორტუს. პორტუგალიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ლუის დიასის გოლით შინ მილანი დაამარცხა. იტალიური კლუბი ღრმა აუტსაიდერია და უქულოდ ბოლო ადგილზეა.

A ჯგუფი

A ჯგუფში მანჩესტერ სიტის გამარჯვებას გამარჯვებითვე უპასუხა პარი სენ-ჟერმენმა, მაგრამ ბეწვის ხიდზე გაიარა. ფრანგული გუნდი ლაიპციგთან კილიან მბაპეს სწრაფი გოლით დაწინაურდა, მაგრამ მერე გერმანელებმა ორი გოლი გაიტანეს და 67-ე წუთამდე იგებდნენ. პსჟ ლიონელ მესიმ გადაარჩინა, რომელმაც პარიზული კლუბის რიგებში პირველი დუბლი მიითვალა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. პსჟ 7 ქულით ლიდერია, 6 ქულა აქვს მანჩესტერ სიტის, 4 ბრიუგეს და ლაიპციგს ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

პსჟ-მ მბაპესა და მესის წყალობი მოიგო

С ჯგუფი

ამსტერდამის აიაქსი საოცარ ფეხბურთს თამაშობს და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ამჯერად, ერიკ ტენ ჰაგის გუნდის გამომცდელი სერიოზული იყო - დორტმუნდი. თუმცა, ეს გამოცდა ნიდერლანდელებმა დიდებულად ჩაატარეს და დიდებული ფეხბურთიც აჩვენეს. 4:0 დორტმუნდის წინააღმდეგ შემთხვევითობა არ არის და აიაქსი ჯგუფის ლიდერი (9 ქულით) დამსახურებულადაა. დორტმუნდს 6 ქულა აქვს, სპორტინგს 3 და ბეშიქთაში ბოლო ადგილზეა, ქულის გარეშე.

D ჯგუფი

D ჯგუფში ტირასპოლის შერიფის ზღაპარი დასრულდა. მოლდოვურმა გუნდმა შახტარისა და რეალის ძლევის შემდეგ იგივე მილანში, ინტერთან ვერ გააკეთა. თუმცა, იური ვერნიდუბის გუნდი ბოლომდე იბრძოდა და პირველ ტაიმში ედინ ჯეკოს გატანილი გოლი, მეორე ნახევრის დასაწყისში სებასტიან ტილმა გაქვითა. თუმცა, ეს მაქსიმუმი გამოდგა, რადგან შემდეგ მილანელებმა ორი გოლი გაიტანეს და მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო.

მადრიდის რეალმა კი უკრაინაში შახტართან გოლეადა მოაწყო და გაისეირნა. კარლო ანჩელოტის გუნდმა, როგორც ჩანს, შერიფის ჯავრი დონეცკურ გუნდზე იყარა, რომელსაც 5 უპასუხო გოლი გაუტანა, საიდანაც 2 ვინისიუსის აქტივშია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. ჯგუფს რეალი და შერიფი 6-6 ქულით ლიდერობენ, ინტერს 4 და შახტარს 1 ქულა აქვს. ამ ჯგუფში გარკვეული ჯერ არაფერია და აშკარაა, რომ ტირასპოლის შერიფი იოლად არავის არაფერს დაუთმობს.

ატლეტიკო 2:3 ლივერპული

გოლები: 0:1 სალაჰი (8), 0:2 კეიტა (13), 1:2 გრიზმანი (20), 2:2 გრიზმანი (34), 2:3 სალაჰი (78. პენ)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, ფელიპე, კონდოგბია (46. ხიმენესი), ჰერმოსო (80. ლორენტე) - ლემარი (80. სუარესი), დე პაული (80. ლოდი), კოკე, ფერეირა-კარასკო - გრიზმანი, ჟოაო ფელიქსი (80. კორეა)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი (85. გომესი), მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - კეიტა (46. ფაბინიო), ჰენდერსონი, მილნერი (62. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - სალაჰი (90. ვილიამსი), ფირმინო, მანე (62. ჟოტა)

პარი სენ-ჟერმენი 3:2 ლაიპციგი

გოლები: 1:0 მბაპე (9), 1:1 ანდრე სილვა (28), 1:2 მუკიელე (57), 2:2 მესი (67), 3:2 მესი (74. პენ)

პარი სენ-ჟერმენი (4-3-3): ნავასი - ჰაკიმი, მარკინიოსი, კიმპემბე, მენდეში - ერერა (61. ვაინალდუმი), გეიე (61. დანილო), ვერატი - მესი, მბაპე, დრაქსლერი (90. კერერი)

შახტარი 0:5 რეალი

გოლები: 0:1 კრივცოვი (37. საკ-კარში), 0:2 ვინისიუსი (51), 0:3 ვინისიუსი (56), 0:4 როდრიგო (65), ბენზემა (90)

რეალი (4-3-3): კურტუა - ვასკესი, მილიტაო (87. ვალიეხო), ალაბა, მენდი (69. მარსელო) - მოდრიჩი (78. კამავინგა), კაზემირო, კროოსი (78. ვალვერდე) - როდრიგო (78. ასენსიო), ბენზემა, ვინისიუსი

პორტუ 1:0 მილანი

გოლი: 1:0 ლუის დიასი (65)

აიაქსი 4:0 დორტმუნდი

გოლები: 1:0 როისი (11. საკ-კარში), 2:0 ბლინდი (25), 3:0 ანტონი (57), 4:0 ალე (72)

ინტერი 3:1 შერიფი

გოლები: 1:0 ჯეკო (34), 1:1 ტილი (52), 2:1 ვიდალი (58), 3:1 დე ვრაი (67)

კომენტარები

ბოლო ამბები