Thumbnail

'ძველი სულისკვეთება უნდა დავიბრუნოთ' - ბონუჩიმ რონალდოზე ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლეონარდო ბონუჩიმ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა
  • 32 წლის იტალიელმა ისიც თქვა, რომ ადრე ზენიტში გადასვლა შეეძლო

იუვენტუსის ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა. 32 წლის მცველის თქმით, გუნდმა ის სულისკვეთება უნდა დაიბრუნოს, რომელიც პორტუგალიელი ფეხბურთელის მისვლამდე ჰქონდა.

"რონალდომ არჩევანი გააკეთა, რომელსაც პატივს ვცემთ. გასულ სეზონში გუნდი მისთვის თამაშობდა, ახლა კი ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ის სულისკვეთება, რომელიც მის მოსვლამდე გვქონდა.

შარშან, მიუხედავად იმისა, რომ ორი ტიტული მოვიგეთ (იტალიის თასი და სუპერთასი), ვერ მოვიგეთ "სკუდეტო", რაც ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენი ნაკლოვანებების ბრალი იყო, ვიდრე იმ გუნდის დამსახურება, რომელიც ჩემპიონი გახდა", - თქვა ბონუჩიმ.

ლეონარდომ, რომელიც დიდი ხანია მსოფლიოში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეულია, გაიხსენა, რომ 10 წლის წინ ზენიტში გადასვლასთან ახლოს იყო, რადგან იუვეს მაშინდელი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედიოდა:

"2011 წელს კონტემ მითხრა, რომ ცენტრალურ მცველებში მისთვის ბოლო არჩევანი ვიყავი და შემეძლო ახალი გუნდი მომეძებნა. ზენიტთან მოლაპარაკებებსაც ვაწარმოებდი, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვეტილება შევცვალე და იუვეში დასამკვიდრებლად ბრძოლა დავიწყე", - აღნიშნა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი იუვენტუსს 2010 წელს ბარიდან შეუერთდა და გუნდი 2017 წელს დატოვა, მაგრამ მილანში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ტურინულ გრანდს დაუბრუნდა. მას იუვეში 451 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 31 გოლი გაიტანა.

აქვე ერთი საინტერესო შედარებაც: რონალდოს გარეშე იუვენტუსმა ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა, ხოლო მანჩესტერმა რონალდოსთან ერთად ასევე უკანასკნელ 7 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოიგო (ორივე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში), ერთხელ ფრე ითამაშა და 4-ჯერ დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები