Thumbnail

20 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:30-ზე NBA-ის ახალი სეზონი იწყება - ასოციაციის ჩემპიონის, მილუოკი ბაქსის კალათბურთელები საჩემპიონო ბეჭდებს მიიღებენ და რეგულარული სეზონის პირველ მატჩს ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ გამართავენ. ჩვენ კი სანდრო მამუკელაშვილის დებიუტს ველით!

სტუმართა გუნდს ერთი დანაკლისი აქვს - კაირი ირვინგი, რომელიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებს. მილუოკის ამ თამაშში არ ეყოლება როდნი ჰუდი, ბობი პორტისი, სემი ოჯელეიე და დონტე დივინჩენცო. ეს კი სანდრო მამუკელაშვილისთვის შანსია - შესაძლოა, 22 წლის ქართველმა ახალბედამ რეგულარული სეზონის პირველივე მატჩში ითამაშოს!

სანდრო ბრუკლინის ბლეიკ გრიფინის წინააღმდეგ

საქმე ისაა, რომ სემი ოჯელეიე მძიმე ფორვარდია, ხოლო ბობი პორტისს მძიმე ფორვარდის პოზიციის გარდა ცენტრზეც შეუძლია თამაში. დივინჩენცო და ჰუდი მცველები არიან და სანდროს როტაციასთან კავშირი არ აქვთ. მილუოკის მთავარი ცენტრი ბრუკ ლოპესია, მას პორტისი ცვლის ხოლმე. მათ გარდა ამ პოზიციაზე თამაში იანის ანტეტოკუნმპოს თუ შეუძლია გუნდში. გამოდის, რომ მამუკელაშვილს სათადარიგო ცენტრის პოზიციაზე თამაშის კარგი შანსი აქვს. მძიმე ფორვარდის პოზიციაზე იანისს პორტისი ან ოჯელეიე უნდა ცვლიდნენ. არცერთი მათგანი არაა, ამ პოზიციაზეც შესაძლოა, გაჩნდეს თავისუფალი წუთები. ალტერნატივა არის ბერძენი კალაიცაკისი, რომელიც უფრო მსუბუქი ფორვარდია, თან, გაცილებით გამოუცდელი, ვიდრე სანდრო, რომელსაც კოლეჯთა ლიგის ელიტაში 4 წელი აქვს გატარებული და ერთ-ერთი უძლიერესი კონფერენციის წლის საუკეთესო კალათბურთელია.

მილუოკის სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება: ჯრუ ჰოლიდეი, გრეისონ ალენი, კრის მიდლტონი, იანის ანტეტოკუნმპო, ბრუკ ლოპესი. მეორე ხუთეული: ჯორჯ ჰილი, პეტ კონუტინი, ჯორდან ნვორა, გეორგიოს კალაიცაკისი, სანდრო მამუკელაშვილი. მცირე სათამაშო დრო ჯასტინ რობინსონსა და თანასის ანტეტოკუნმპოსაც მიეცემათ. 


აღსანიშნავია, რომ სანდრო მამუკელაშვილს ბრუკლინ ნეტსთან წინასასეზონო მატჩში უთამაშია, მან 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. თანაც, მოედანზე მეტოქის რიგებში ლიდერები თამაშობდნენ, კევინ დურანტი და სხვები. 

კომენტარები

ბოლო ამბები