Thumbnail
  • 📅 20 ოქტომბერი | ⌚ 18:30 | ⚽ დინამო ბათუმი V დინამო თბილისი
  • ტურის და ალბათ, სეზონის მთავარი თამაში ბათუმში გაიმართება
  • შეხვედრას ფანები დაესწრებიან და თურქი მსაჯები განსჯიან
  • დინამო თბილისს მხოლოდ მოგება აწყობს, ბათუმელები უფრო მშვიდად არიან
  • სეზონის ბოლოდე 7 ტური რჩება და დინამო ბათუმს 7-ქულიანი ფორა აქვს

ალბათ, სეზონის გადამწყვეტი თამაშია - დინამო ბათუმი V დინამო თბილისი. ბოლო წლებში ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონობაში ეცილებოდნენ და ახლაც ასეა. თუ წინა წლებში საბოლოო გამარჯვება თბილისურ გუნდს რჩებოდა, ახლა ფავორიტად ბათუმელები მიიჩნევიან. ყოველშემთხვევაში, სეზონის ფინიშამდე 7 ტურით ადრე 7-ქულიანი უპირატესობა საკმაოდ კომფორტულია.

დინამო ბათუმმა დინამო თბილისს მიმდინარე სეზონში სამჯერ მოუგო. ჯერ თბილისში გიული მანჯგალაძის გოლით, მერე ბათუმში ჯაბა ჯიღაურის გოლით და ბოლოს ისევ თბილისში, როცა აგებდა, მაგრამ მატჩის ბოლოს ირაკლი აზაროვმა და ფლამარიონ ჯოვინომ თამაში შეატრიალეს. ამგვარად, დინამო თბილისს უშუალო კონკურენტთან ამ სეზონში ქულაც არ მოუპოვებია და სწორედ ამის გამოა, რომ ახლა სატურნირო ცხრილში 7 ქულით უკანაა.

გუნდების ამოცანა ნათელია - კახა ცხადაძის შეგირდებისთვის მხოლოდ 3 ქულა უნდა იყოს მისაღები, რადგან სხვა შემთხვევაში ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება, ხოლო გია გეგუჩაძის გუნდისთვის, მოგებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ფრეც არ იქნება ურიგო და მიუღებელი შედეგი. ვინაიდან, როგორც ვთქვით, სეზონის ბოლომდე მხოლოდ 7 ტურიღა რჩება და დინამო ბათუმი კონკურენტს 7 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ მატჩს მაყურებლები დაესწრებიან. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონის ტევადობის 33%-ზე დასწრება დაშვებულია და ეჭვი არავის ეპარება, რომ ბათუმში მორიგი საფეხბურთო ზეიმი და ატმოსფერო იქნება.

ბათუმში ფანები საოცარ გარემოს ქმნიან

სხვათა შორის, ტურის და სეზონის გამორჩეულ შეხვედრას არა ქართველი, არამედ თურქი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი ჰუსეინ გოჩეკი იქნება, მას ჯანდაშ ელბილი და მეჰმეთ ემირ თუღრალი დაეხმარებიან. ზოგადად, ეს ახალი პრაქტიკა არ არის და მიმდინარე სეზონშიც დილა-დინამო ბათუმის მატჩი თურქმა არბიტრებმა იმსაჯეს, ოღონდ სხვა ბრიგადამ.

ისიც ვთქვათ, რომ დინამო ბათუმი შესანიშნავ ფორმაშია და ჩემპიონობისკენ დამსახურებულად მიიწევს. გია გეგუჩაძის გუნდს 29 ტურში მხოლოდ 2 მარცხი აქვს და ბოლოს 23 მაისს, ლოკომოტივთან წააგო. მას მერე კი 14-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებს თავს - ეს შიდა ჩემპიონატში, თუ მხედველობაში კონფერენსლიგის შედეგებს არ მივიღებთ. ბათუმელებმა ბოლოს ქობულეთის შუქურა დაამარცხეს, ზედმეტი ნერვიულობისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე. დინამო თბილისმა კი წინა ტურში, ქართულ დერბიში, ქუთაისის ტორპედოსთან ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კახა ცხადაძის გუნდს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ აქედან 3-ჯერ ფრე ითამაშა და ამ შეხვედრებში დაკარგული 6 ქულა მისთვის ძალიან ძვირად ფასობს.

მიმდინარე სეზონში დინამო ბათუმმა დინამო თბილისს სამივე თამაში მოუგო

საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო მატჩის წინ, რომელიც მე-3 წრეში, 1 ივლისს გაიმართა, დინამო თბილისი 1 ქულით წინ იყო, მაგრამ სწორედ აქედან მოყოლებული, ბათუმელებმა თამაში ძალიან დამაჯერებლად დაიწყეს, ხოლო თბილისელებს არასტაბილურობა დასჩემდათ. ამგვარად, ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ მოახლოებული თამაში ბევრ კითხვას უპასუხებს.

საინტერესო ფაქტები

საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 63-ჯერ შეხვდნენ და უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა: 41 მოგება, 10 ფრე და 12 წაგება (ბურთები: 125-57).

დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის ყველაზე პოპულარული ანგარიშია - 1:0 (13-ჯერ). შემდეგ მოდის 2:1 (9-ჯერ) და 3:1 (7-ჯერ).

ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირებები ამ გუნდებს შორის 1994 წლის 18 სექტემბერს და 2012 წლის 11 ნოემბერს შედგა. ორივე ჯერზე დინამო თბილისმა ანგარიშით 5:3 მოიგო.

გია გეგუჩაძე დინამო თბილისს წვრთნიდა, როდესაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთხელ, ქართული კლუბი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

დინამო თბილისმა დინამო ბათუმს ყველაზე დიდი სხვაობით 2007 წლის 29 ივლისს მოუგო - 7:0. ბათუმელთა ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება 2004 წლის 3 ოქტომბრით თარიღდება - 3:0.

ამ გუნდების ბოლო ხუთ მატჩში ორჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა. ამ სეზონში ორი თამაში 1:0 დასრულდა, ერთიც - 2:1 (სამივე ბათუმელებმა მოიგეს).

დინამო ბათუმის ბოლო ხუთ მატჩში 3-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

დინამო თბილისის ბოლო ხუთ მატჩში 4-ჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

დინამო ბათუმს მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეტევა (61 გოლი) და დაცვა აქვს (23 გაშვებული გოლი). ბათუმელებზე ერთით ნაკლები გოლი აქვს გაშვებული დინამო თბილისს.

დინამო ბათუმს საქართველოს ჩემპიონატში 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (9 მოგება, 5 ფრე) და ბოლოს 23 მაისს, ლოკომოტივთან დამარცხდა. 

გეგუჩაძის გუნდი ერთადერთია, რომელსაც შინ თამაში არ წაუგია (10 მოგება, 4 ფრე), ბოლო 4 მატჩი კი მოგებული აქვს. ბათუმელებმა შინ ყველაზე მეტი გაიტანეს (35) და ნაკლები გაუშვეს (11).

დინამო თბილისს სტუმრად ერთი თვეა არ მოუგია (ბოლოს 20 სექტემბერს შუქურასთან) და ბოლო ორი საგარეო თამაში ფრედ დაასრულა.

⚽ ზოგადად, ცხადაძის გუნდს სტუმრად 26 ქულა აქვს მოპოვებული და მხოლოდ დინამო ბათუმს ჩამორჩება (29). თბილისელებს გასვლაზე 11 გოლი აქვთ გაშვებული, რაც საუკეთესო შედეგია.

დინამო თბილისს საქართველოს ჩემპიონატში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (3 მოგება, 3 ფრე).

ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი) და გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი) ბომბარდირთა დავაში 13-13 გოლით ლიდერები არიან. ამასთან, მარუშიჩს ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს (7).

⚽ დინამო ბათუმიდან საგოლე გადაცემებით  ირაკლი აზაროვი, ჯაბა ჯიღაური და იგივე ფანცულაია გამოირჩევიან (5-5). ლაზარე კუპატაძის ანგარიშზე ყველაზე მეტი მშრალი მატჩია (13).

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ჯოვინო, ჯიღაური - ფანცულაია.

დინამო თბილისი (3-4-3): პრიეტო - ბენიო, კობოური, ხვადაგიანი - სპორკსლედე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, ხარაბაძე - კუცია, მარუშიჩი, ბარნსი.
დისკვალიფიკაცია: პაპავა

კომენტარები

ბოლო ამბები