Thumbnail

ტრავმების სიხშირისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, ლივერპულს შარშანდელი სეზონი წარუმატებელი გამოუვიდა. იურგენ კლოპის გუნდმა ვერცერთი ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაც მხოლოდ ბოლო ტურში გაინაღდა.

"მერსისაიდელები" სრულიად განსხვავებულ შედეგს აჩვენებენ 2021/22 წლების სეზონის სტარტზე. ლივერპულს ჩემპიონთა ლიგაზე ორიდან ორი მოგება აქვს და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო პრემიერლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა.

გარდა კარგი შედეგებისა, იურგენ კლოპის გუნდი შესანიშნავად თამაშობს. ლივერპულის სანახაობრივი ფეხბურთით მოხიბლულია მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი, რომელმაც განაცხადა, რომ ტელევიზორს ლივერპულის თამაშის საყურებლად რთავს.

"ლივერპულის ყურება მსიამოვნებს. როგორც მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელისთვის, რაც არ უნდა ძნელი სათქმელი იყოს, რეალურად ტელევიზორს ვრთავ იმიტომ, რომ ვუყურო ლივერპულს, რადგან ის ყველა თვალსაზრისით ამაღელვებელი გუნდია. მათ აქვთ დიდი ენერგია, ბურთითაც და მის გარეშეც არიან აგრესიულები, გააქვთ გოლები, დომინირებენ და ქმნიან შანსებს", - განაცხადა ფერდინანდმა.

უახლოეს შეხვედრას ლივერპული 19 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში, ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავს, ხოლო პრემიერლიგაში გერმანელი სპეციალისტის გუნდი მანჩესტერ იუნაიტედს 24 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები