Thumbnail

ოქრო სეზონის მთავარ ტურნირზე - გიორგი გახელაძე Sea to Sky-ს ათეულში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გიორგი გახელაძემ თურქეთის ეტაპზე Sea To Sky-ზე იასპარეზა
  • 20 წლის ქართველმა რაიდერმა სეზონის დასახულ მიზანს მიაღწია

გიორგი გახელაძემ სეზონი ძალიან მაგარი შედეგით დაასრულა. ახალგაზრდა ქართველმა მოტომრბოლელმა 13-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის თურქეთის ეტაპზე - Sea to Sky-ზე, რომელიც სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ და რთულ ეტაპად მიიჩნევა, მე-10 საპრიზო ადგილი დაიკავა და პოდიუმზე მოტოსპორტის ელიტურ წარმომადგენლებთან ერთად ავიდა.

20 წლის ქართველი რაიდერისგან მსგავსი რანგის შეჯიბრზე ათეულში მოხვედრას ბევრი არ ელოდა, მაგრამ თავად გიორგის ამის სჯეროდა, ბოლომდე იბრძოლა და კარიერის ერთ-ერთი მთავარი შედეგიც დააფიქსირა.

ოქროს მედალი Sea to Sky-ზე

სეზონის მთავარ ტურნირზე ოქროს მედალი ავიღე ✊❤️🏅 Sea to Sky დასრულდა ☑️

Posted by Giorgi Gakheladze on Tuesday, October 19, 2021


გიორგი გახელაძე: "ჩემი მთავარი მიზანი იყო, შევსულიყავი ტოპ 10 რაიდერში, რაც რეალობად მიმაჩნდა და ვფიქრობდი, რომ ბევრი ვარჯიშის შემდეგ, ეს შესაძლებელი იქნებოდა. ასე მეგონა და ასეც მოხდა.

გადამწყვეტ, ბოლო შეჯიბრზე, Sea to Sky-ზე გავედი მეათე ადგილზე, მოვახერხე და დიდი ბრძოლის, პატარა ტრავმების გადატანის შემდეგ, ინგლისელები ბრძოლაში გავტეხე და მოვიპოვე მეათე საპრიზო ადგილი. ჩემი სიტყვა შევასრულე ამ სეზონზე.

Sea to Sky-ზე მთავარი სირთულე იყო მესამე დღეს, როდესაც ბრძოლა პაულ ბოლტონთან მქონდა. ვინც ოდნავ მაინც გარკვეულია მოტოსპორტში, ყველამ იცის, ვინ არის ის - ცოცხალი ლეგენდაა, მოგებული აქვს ყველა შეჯიბრი. მთავარი სიხარულიც ის იყო, რომ ბოლტონს ფინიშზე 20 წამით გადავასწარი და მესამე დღეს მესამე ადგილი მოვიპოვე".

თურქეთის ეტაპამდე გიორგიმ უკრაინის, პოლონეთისა და ესპანეთის საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზა. განსაკუთრებით წარმატებული ესპანეთის ეტაპი - Hixpania Hard Enduro იყო, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. ქართველი რაიდერისთვის უიღბლო პოლონეთის ეტაპი აღმოჩნდა, სადაც მოტოციკლის პრობლემის გამო შესაძლებლობები ბოლომდე ვერ წარმოაჩინა. მიუხედავად ამისა, გახელაძე სეზონს დადებითად აფასებს.

გახელაძე: "მთლიან სეზონს ნორმალურად შევაფასებდი, კარგად დამთავრდა ყველაფერი. პირველ რიგში, ის ტრავმის გარეშე დავასრულე. თუ არ ჩავთვლით პოლონეთის შეჯიბრს, სადაც გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო მაინცდამაინც კარგი შედეგი ვერ ვაჩვენე, დანარჩენებმა იდეალურად ჩაიარა".

გიორგი გახელაძე 20 წლის პროფესიონალი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც მოტოციკლის მართვა 2015 წელს, 15 წლისამ დაიწყო და მას შემდეგ მოტოსპორტში აქტიურადაა ჩართული. 2017 წლიდან იგი საქართველოს უცვლელი ჩემპიონია - 30-შეჯიბრიანი დაუმარცხებელი სერიით. 2017 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეჯიბრებზე საპრიზო ადგილები დაიკავა, 2018-2019 წლებში RedBull Sea To Sky-ის ოქროს კლასისა და Erzberg Rodeo-ს ფინიშერი გახლდათ, 2020 წელს კი - სპორტის ამ სახეობის ყველაზე რთული შეჯიბრის, RedBull Romaniacs-ის ოქროს კლასის ფინიშერი. ყველაზე წარმატებული ქართველი მოტომრბოლელის მხარდამჭერი აგვისტოში კომპანია "ევროპაბეთი" გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები