Thumbnail

'შანსი აუცილებლად მიეცემა' - მამუკელაშვილი NBA-ს სეზონს ბაქსის განაცხადში ხვდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

Milwaukee Journal Sentinel-ის NBA-ის ექსპერტმა ჯიმ ოვჩარსკიმ app.com-თან სანდრო მამუკელაშვილზე დასმულ კითხვებს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ NBA-ის ჩემპიონი მილუოკი ახალ სეზონს 20 ოქტომბერს გახსნის და მის შემადგენლობაში იქნება 22 წლის ქართველი ახალწვეულიც. 

"ეჭვიც არ არის, რომ სანდრო მამუკელაშვილს ძლიერი წინასასეზონო ტურნირი გამოუვიდა. სეტონ ჰოლის ლიდერი დრაფტის მე-2 წრის ბოლოსკენ აირჩიეს და ბაქსმა მას 2-მხრივი კონტრაქტი გაუფორმა. სეზონის დაწყებასთან ერთად ის მილუოკის განაცხადშია, ასევე ითამაშებს G ლიგაში ბაქსის სარეზერვო გუნდ ვისკონსინ ჰერდში.

მაგრამ როგორია მისი პერსპექტივა დიდ კლუბში ამ სეზონში, რომელიც სამშაბათს საღამოს ბრუკლინ ნეტსთან მატჩით იწყება? შეუძლია კი მას გახდეს სეტონ ჰოლის პირველი მოთამაშე, რომელიც ასოციაციაში დამკვიდრდა სემ დეილმბერტის შემდეგ", - წერს app.com.

Milwaukee Journal Sentinel სანდრო მამუკელაშვილზე

ყველაზე მეტად, რითი მოაწონა თავი ბაქსს მამუკელაშვილმა: "ის გუნდს კარგად ერგება ათლეტური თვალსაზრისით. ბაქსს სურს ისეთი მოთამაშეები, რომელთაც მოედნის ნებისმიერ წერტილში ნახავთ. სანდრო მაღალია, მაგრამ კარგად ისვრის 3-ქულიანებს, შეუძლია ფარქვეშ შესვლები. შეხედეთ ბრუკ ლოპესს, რომელიც სანდროზე მაღალი და მასიურია, მაგრამ სამქულიანებს ისიც ისვრის. მოკლედ, კლუბში ასეთი ტიპის ათლეტიზმის მოთხოვნილებაა. 

ბრუკლინთან მატჩში მან სასტარტოში დაიწყო და ბევრიც ითამაშა. ნეტსის რიგებში იყვნენ კევინ დურანტი, ლამარკუს ოლდრიჯი და სხვები. სანდრო ჩვეულებრივზე მეტად აგრესიული იყო და ეს მილუოკის თავკაცს მოსწონს. მართალია, ახალბედაა, მაგრამ მწვრთნელი მას სროლებში არ ზღუდავს. თან, სანდრო გუნდური მოთამაშეა და მწვრთნელის დარიგებებს ყოველთვის ასრულებს. ის ამ მხრივაც კარგად ეწყობა ბაქსს".

რა სტატუსი აქვს მამუკელაშვილს სეზონის წინ: "ბობი პორტისი და სემი ოჯელიე არ ჩანან, რომ მზად არიან სტარტისთვის. მათი ტრავმები კი იმის ნიშანია, რომ სანდრო არასტანდარტული კონტრაქტის მიუხედავად, სათამაშო დროს მიიღებს. ახლა მილუოკის ორი მაღალია საბრძოლო მზადყოფნაში, იანისი და ბრუკი. ასე რომ, სანდროს აუცილებლად ვნახავთ მილუოკის ფორმით მოედანზე. ითამაშებს თუ არა, ძალიან ბევრს აქვს სურვილი, რომ მამუ იხილოს ბრძოლისთვის მზადყოფნაში".

დრაფტი რომ გავაანალიზოთ თავიდან, სწორი იყო მისი გვიანდელ რაუნდში არჩევა: "ძალიან რთული სათქმელია. მთავარია, რომ მას შანსი მიეცემა, ეს კი მიანიშნებს იმაზე, თუ რას ფიქრობდნენ კლუბში სანდროზე თავიდანვე. თავიდანვე ორმხრივი კონტრაქტი გაუფორმეს, ესე იგი ცხადი იყო, რომ სულ მცირე, განვითარების ლიგისთვის ის მზად იყო".

და მაინც, რამდენს ითამაშებს ამ სეზონში: "ნომერ პირველი ფაქტორი იქნება ჯანმრთელობა. თუ პორტისი და ოჯელიე ვერ ითამაშებენ, სანდრო შანსისთვის მზად იქნება. ბრუკ ლოპესი მთელი კარიერა ჯანმრთელია, მაგრამ იანისი ასეთი ჯანმრთელობით არ გამოირჩევა. ასე რომ, მნიშვნელოვანი იქნება, როგორი სიტუაცია იქნება კლუბში ტრავმების მხრივ".

განვითარების ლიგაში მეტი თამაში მისთვის უკეთესი ხომ არ იქნება: "თუ G ლიგაში ის საშუალოდ 35 წუთს ითამაშებს, მისი კარიერისთვის ფანტასტიკური იქნება. მაგრამ მან უკვე 4 წელი გაატარა კოლეჯთა ლიგაში და მეტიც შეუძლია".

არის თუ არა შანსი ორმხრივი კონტრაქტი სტანდარტულად იქცეს: "ამის პრეცენდენტი არსებობს - მამადი დიაკიტე გასულ სეზონში. ასე რომ, ვიტყოდი, რომ ეს შესაძლებელია. თუმცა ბაქსს შარშან უკეთესი სიტუაცია ჰქონდათ კონტრაქტებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ძალიან მალე სანდრო ამ კონტრაქტს ისედაც დაიმსახურებს".  

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილს, ამერიკული მედიის შეფასებით, შესანიშნავი პრესეზონი ჰქონდა. სანდრომ 5 მატჩი ითამაშა, საშუალოდ 22.3 წუთი გაატარა მოედანზე და 8.4 ქულა, 6,6 მოხსნა და 1.2 პასი მოუტანა მილუოკის. მან ნეტსის წინააღმდეგ გაიბრწყინა, როცა ორმაგი დუბლი მიითვალა: 20 ქულა და 11 მოხსნა.

კომენტარები

ბოლო ამბები