Thumbnail
  • 📅 19 ოქტომბერი | 🏟 ვანდა მეტროპოლიტანო | ⌚ 23:00 | ⚽ ატლეტიკო V ლივერპული
  • ლივერპული მაგარ ფორმაშია, ატლეტიკომ დაისვენა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მე-3 ტურში ცენტრალური მატჩია - "ვანდა მეტროპოლიტანოზე" დიეგო სიმეონეს ატლეტიკო იურგენ კლოპის ლივერპულს მასპინძლობს. ინგლისური კლუბი უდანაკარგოდ ლიდერობს, მას მერე, რაც მილანი (3:2) და სტუმრად პორტუ (5:1) დაამარცხა, ხოლო ესპანურმა კლუბმა პირველ ტურში ქულები პორტუსთან (0:0) დაკარგა, მილანს კი სტუმრად მოუგო (2:1). 

ატლეტიკოს კარგა ხანია, არ უთამაშია, რადგან ამ უქმეებზე მისი ლა ლიგის ტურის მორიგი მატჩი გადაიდო, მანამდე კი ფეხბურთში სანაკარებო პაუზა იყო. კლოპის შეგირდებმა კი პრემიერლიგაში სტუმრად კლაუდიო რანიერის უოტფორდს 5:0 მოუგეს.

დიდ ინტერესს იწვევს ატლეტიკოს სამხრეთამერიკელი ფორვარდის, ლუის სუარესის დაპირისპირება ყოფილ გუნდთან. ატლეტიკოს არ ეყოლება დისკვალიფიცირებული მცველი სავიჩი, ხოლო ლივერპულს ტრავმირებული ტიაგო ალკანტარა.    

იურგენ კლოპი

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ახლა ატლეტიკო სხვანაირად თამაშობს, სიმეონე გუნდს ახალი სისტემით ათამაშებს. მიუხედავად ამისა, გუნდი ისევ სასურველი შედეგის მიღების მანქანაა. საოცარია, როგორ ახერხებს სიმეონე ფეხბურთელების მუდმივ ტონუსში დატოვებას.

თუ ატლეტიკოს ორივე თამაშს მოვუგებთ, გასულები ვართ. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლოს ორივე თამაში წავაგეთ მათთან. ვნახოთ, ახლა რა იქნება. ისეთი პოზიტიურიც არ ვარ, ვამტკიცო, რომ წარმატება "ჯიბეში გვაქვს". იქ თამაში ძალიან ძნელია". 

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "ლივერპული ფანტასტიკურად თამაშობს. მათი ყურება ერთი სიამოვნებაა. მეტოქეს ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. მას მერე, რაც ვან დეიკი დაუბრუნდათ, დაცვაში სტაბილურობა დაიბრუნეს. შევეცდებით, მოვნახოთ გზები, როგორ ვაზარალოთ მათ". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ატლეტიკოს შინ 4-მატჩია, რაც ვერ მოუგია (3 ფრე, 1 მარცხი), ეს კი ამ გუნდის ანტირეკორდის გამეორებაა ლიგაზე.

⚽ ლივერპულს უკვე 2 წელია, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად არ წაუგია. 6 მატჩში 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. 

⚽ ლივერპულს ესპანეთში უჭირს - ბოლო 7 მატჩიდან 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

⚽ მოჰამედ სალაჰმა ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 საგარეო მატჩში გაიტანა. 

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (5-3-2): ობლაკი - ტრიპიერი, ფელიპე, ხიმენესი, ერმოსო, კარასკო - მ. ლორენტე, კოკე, ლემარი - ჟოაო ფელიქსი, ლუის სუარესი.

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი - კეიტა, ფაბინიო, ჰენდერსონი - სალაჰი, ჟოტა, მანე.

კომენტარები

ბოლო ამბები