Thumbnail

საღინაძის ლელო ტულუზთან - ქართველი მორაგბე სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 22 წლის ბექა საღინაძემ თავი TOP 14-ის ლიდერთან მატჩში გამოიჩინა
  • ქართველი მორაგბე Midi Olympique-მა საუკეთესო XV-ში დაასახელა

“ბორჯღალოსანთა” მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ TOP 14-ში პირველი ლელო გაიტანა და მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველი მორაგბე ლიონს გასულ ზაფხულს PRO D2-ის წევრ ორიაკიდან შეუერთდა, თავის გამოჩენა კი ტიტულოვან ფრანგულ კლუბ ტულუზთან მოახერხა, რომელიც მიმდინარე გათამაშებასაც ლიდერობს.


ტულუზელები ლიონს მაქსიმალური შედეგით (6 მოგება) ეწვივნენ და პირველი მარცხი განიცადეს, რაშიც საღინაძემ დიდი წვლილი შეიტანა. ბექა მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს, მე-15 წუთზე კი, შეტევაში მარჯვენა ფრთიდან ჩაერთო, ბურთი 5-მეტრიან ზოლთან მიიღო, რამდენიმე ბოჭვა აირიდა და შეხვედრის პირველი ლელო დადო.

ლიონმა, რომლის მაისურითაც 71-ე წუთიდან კიდევ ერთმა ახალგაზრდა ქართველმა მორაგბე დავით ნინიაშვილმა ითამაშა, თამაში 25:19 მოიგო და 21 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ლიონელები მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს სტუმრად სტად ფრანსესთან ჩაატარებენ.

გასული ტურის შედეგები პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ Midi Olympique შეაჯამა და სიმბოლურ ნაკრებში 7 ნომრის პოზიციაზე სწორედ საღინაძე დაასახელა. აქვეა მისი დახასიათებაც: ”საღინაძემ ამ მატჩში თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა. მთელი ენერგია მინდორზე დატოვა და ლელოს გარდა, დაცვაშიც დიდებული შედეგი ჰქონდა – 20 წარმატებული ბოჭვა. საერთო ჯამში, ქართველმა მესამეხაზელმა ძალიან სოლიდურად ითამაშა”.

კომენტარები

ბოლო ამბები