Thumbnail

'ჩაკვეტაძემ და კვარაცხელიამ ზეწოლას უნდა გაუძლონ' - ინტერვიუ ლევან ყენიასთან

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე

ევრო 2008-ის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურში, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, უმოტივაციო საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის მქონე შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. მასპინძელთა რიგებში შეხვედრა სამმა ახალწვეულმა, გიორგი მაკარიძემ, ლევან მჭედლიძემ და ლევან ყენიამ, დაიწყო. 

დებიუტანტთაგან პირველი ორი, 17 წლის, ხოლო ყენია კი 16 წლის იყო. მატჩი საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო, სამეულის თამაშმა ყველა აღაფრთოვანა, ხოლო შემტევ ნახევარმცველ ლევან ყენიას ქართველი გულშემატკივარმა ჩვენი ფეხბურთის მომავალი მხსნელის სტატუსიც კი მიანიჭა. საფეხბურთო ნიჭი "ყენოს" ნამდვილად არ აკლდა, კარიერაც, თითქოს, ბრწყინვალედ ვითარდებოდა - საქართველოს ჩემპიონატიდან იგი პირდაპირ ბუნდესლიგაში, თან იმ პერიოდში ერთ-ერთ წამყვან კლუბში, შალკეში მოხვდა. მაგრამ მის კარიერაში აღმავლობის ნაცვლად დაღმასვლა დაიწყო. 

Vs საფრანგეთი. ლევან ყენია ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია

დღეს ლევან ყენია გერმანიის რეგიონალლიგაში მოთამაშე იურდინგენის მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. რატომ ვერ ითამაშა ყენიამ იმ დონეზე, რომელსაც მისგან ყველა ელოდა? როგორ იხსენებს ნაკრებში დებიუტს? რა როლი მიუძღვის ფელიქს მაგათს მისი კარიერის დანგრევაში და რას ურჩევს იგი კვარაცხელია-ჩაკვეტაძის ტანდემს. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ "პოპსპორტი" ლევან ყენიას გერმანიაში დაუკავშირდა:   

POPSPORT: რატომ ვერ ითამაშა ლევან ყენიამ სტაბილურად მაღალ დონეზე?

ლევან ყენია: ძალიან ვრცელი თემაა. ჩემი მთავარი პრობლემა სათანადო ფიზიკური მომზადების არქონა იყო. ნიჭი არ მაკლდა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში არაა იმის პირობა, რომ ფეხბურთელის ფიზმომზადება მისი ტალანტის შესატყვისი იყოს. საქართველოს ჩემპიონატიდან ბუნდესლიგაში აღმოვჩნდი, თან შალკე იმ პერიოდში ერთ-ერთი წამყვანი კლუბი იყო. გერმანიაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. მოვხვდი ჩემთვის აბსოლუტურად უცხო გარემოში, არ მქონდა არანაირი გამოცდილება. ფიზიკური მომზადების არქონის გამო, მივიღე ძალიან რთული ტრავმები, სამი ოპერაცია მაქვს გადატანილი. ჩემს თავს ყოველთვის ვაჯერებდი, რომ თამაში შემეძლო, მაგრამ ბოლო წლებში უკვე ინერციით მოვდიოდი. ძალიან ძნელია, როდესაც იცი, რომ რაღაც არაორდინალური შეგიძლია გააკეთო, მეტოქე ლამაზად მოატყუო, შეტევა გაამწვავო, მაგრამ ამ დროს ორგანიზმი "არ მოგყვება" ეს პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად არის ძნელი. მიმაჩნია, რომ ჩემს კარიერას მეც რაღაც დავაკელი, მაგრამ ყველა შეცდომა, რომელიც მომივიდა, მხოლოდ ჩემი გამოუცდელობის ბრალია

POPSPORT: შალკეში შენ ფელიქს მაგათის ხელმძღვანელობით თამაშობდი. მაგათი ძალიან მკაცრი მწვრთნელია. ხომ არ იმოქმედა უარყოფითად მისმა მიდგომებმა? 

ყენია: მაგათის როლის ჩემს კარიერაში ორგვარია. მან მე კარგიც გამიკეთა და ცუდიც. კარგი ის იყო, რომ სულ მენდობოდა, სულ მათამაშებდა, მაგრამ ამავდროულად მას ტრავმირებული ფეხბურთელების მისამართით ძალიან უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა. ფაქტობრივად, ბოლომდე გამოჯანმრთელების საშუალებას არ მაძლევდა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ძალადობდა, მაგრამ მუდმივად მეუბნებოდა, რომ უნდა მეთამაშა. იმ პერიოდის შალკეში სამედიცინო პერსონალი ფორმალურად არსებობდა. ყველაფერს მაგათი წყვეტდა, მათ შორის იმასაც, როდის უნდა დაეწყო ტრავმირებულ ფეხბურთელს ვარჯიში. მეც ჩემი ჯანმრთელობის საკითხს ბავშვურად ვუდგებოდი. მეგონა, რომ ორგანიზმი გაუძლებდა, სინამდვილეში კი მდგომარეობას მხოლოდ ვიუარესებდი. მე არც პირველი და არც უკანასკნელი ვიყავი, ვინც მაგათმა "გააფუჭა". გამოუცდელობაც სწორედ ამაში გამოვლინდა. არ უნდა დავმორჩილებოდი მის გადაწყვეტილებებს.

შალკეში ლევან კობიაშვილთან ერთად

POPSPORT: შენს კარიერაში კიდევ ერთი გამორჩეული გერმანელი მწვრთნელი იყო. კლაუს ტოპმიოლერმა 16 წლის ასაკში ეროვნულ გუნდში გათამაშა. შენ, მჭედლიძე და მაკარიძე იყავით შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ძირითად შემადგენლობაში და ამ თამაშით საქართველოს ნაკრებში თაობების შერწყმის პროცესი უნდა დაწყებულიყო. რამ შეუშალა ამ პროექტის ბოლომდე მიყვანას ხელი?

ყენია: ის შესარჩევი ციკლი ცუდად არ დაგვიწყია. საქართველოს ნაკრები კონკურენტუნარიანი გუნდი იყო, მაგრამ ურთულეს ჯგუფში ვიყავით. მიმაჩნია, რომ ნაკრებში ახალი ფეხბურთელების ინტეგრირება სწორი გათვლა იყო. სხვა საქმეა, რომ ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით. ახლა ვაცნობიერებ, რომ საფეხბურთო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენი შემთხვევა გამონაკლისი იყო. მიუხედავად ამისა დასაწყისში ამ ჩანაფიქრმა გაამართლა. შემდეგ კი მეტოქეებისთვის კონკურენციის გაწევა ვეღარ მოვახერხეთ. ისევ მიწევს დავუბრუნდე ჩემს მაგალითს. ფიზიკურმა მომზადებამ დაგვაღალატა. ამას ფსიქოლოგიური ფაქტორიც დაემატა. მოწინააღმდეგეებმა ჩვენი თამაშის სტილი შეისწავლეს, ჩვენ კი, სამწუხაროდ, რაც დრო გადიოდა მათ კიდევ უფრო მეტად ჩამოვრჩებოდით. 

მთელი გულით ვცდილობდი, რომ მეთამაშა, მაგრამ ვგრძნობდი რომ ჩემი ორგანიზმი ასეთი დატვირთვებისთვის მზად არ იყო. 

POPSPORT: ბოლო პერიოდში ისევ გქონდა კარიერის გაგრძელების მცდელობები. რა დაგაკლდა იმისთვის, რომ მოედანს სრულფასოვნად დაბრუნებოდი?

ყენია: ძალიან ძნელია, როდესაც ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობს, ხოლო შენს პოზიციაზე კი 3-4 კონკურენტი გყავს. თითქოს, ტრავმას მოიშუშებ, ფორმაში შეხვალ და უცებ ისევ რაღაც აგტკივდება და ასე დაუსრულებლად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მწვრთნელი ხელს შეგიწყობს, მაგრამ შემდეგ მასაც უკვე ეჭვი ეპარება. მთელი გულით ვცდილობდი, რომ მეთამაშა, მაგრამ ვგრძნობდი რომ ჩემი ორგანიზმი ასეთი დატვირთვებისთვის მზად არ იყო 

POPSPORT: როგორ გადაწყვიტე მწვრთნელობა?

ყენია: იმდენი ტრავმა მქონდა და იმხელა პერიოდები მიცდებოდა, რომ საკუთარ მომავლის შესახებ ფიქრისთვის დროის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩიოდი. სულ ვიცოდი, რომ ფეხბურთში უნდა ვყოფილიყავი, ოღონდ არა მენეჯერის ან კლუბის დირექტორის მიმართულებით. მე ვიცი, რა ხდება მოედანზე და, შესაბამისად, კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი, რომ გავხდებოდი, ჩემთვის ნათელი იყო. კორონავირუსის პანდემიამ საფეხბურთო კარიერის დასრულებას ხელი შეუწყო. გუნდის პოვნა ისედაც მიჭირდა და პანდემიის პერიოდში ამის გაკეთება კიდევ უფრო გაძნელდა. გამომიჩნდა რეგიონალლიგის კლუბის ვარიანტი. ეს ლიგა გერმანიაში რანგით მეოთხეა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატს სჯობს. მატჩებს 3-4 ათასი გულშემატკივარი სულ ესწრება. კლუბი, სადაც მე ვმუშაობ თავის დროზე, გაკოტრდა, ამიტომაც ყველაფერი ნულიდან იწყება. ჩემი მეგობარი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და მუშაობის დაწყება მეც შემომთავაზა. გუნდში 26 ახალი ფეხბურთელი მივიდა, ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე შევიკრიბეთ, ასე რომ, უარყოფითი შედეგები მოულოდნელი ნამდვილად არაა. ჩემი ზრდისთვის და პრაქტიკის მიღებისთვის, მშვენიერი გამოწვევაა.  

ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები მუდმივად წნეხის ქვეშ არიან. მათ ამ ზეწოლას უნდა გაუძლონ. 

POPSPORT: როგორია ლევან ყენიას ყოველდღიური ცხოვრების წესი? 

ყენია: გერმანიაში თუ გერმანულად არ იცხოვრე, სჯობს სხვაგან გადასახლდე. ვცდილობ, ყოველთვის მოვნახო დრო ვარჯიშისთვის. ჩემი შვილი ფეხბურთითაა გატაცებული და მასთან ერთად ბურთის გაგორება ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ვინაიდან პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი, მაქვს სამწვრთნელო C ლიცენზია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაპირებ რომ უფრო მაღალი კატეგორიის ლიცენზია მივიღო. 

იურდინგენის სამწვრთნელო შტაბში

POPSPORT: დავიჯერო მინისაც არ თამაშობ?

ყენია: არა, ნიჭი ხომ იცი არ იკარგება, ამიტომ თუ ვვარჯიშობ, აქცენტი ძირითადად ფიზიკურ დატვირთვებზე მაქვს გადატანილი. რა იცი რა ხდება...

POPSPORT: თავის დროზე, რა აჟიოტაჟიც შენს ირგვლივ იყო, დაახლოებით ასეა ახლა კვარაცხელია-ჩაკვეტაძის ტანდემზე. რას ურჩევდი მათ და ზოგადად ახალგაზრდა ფეხბურთელებს?

ყენია: ფეხბურთს გუნდი თამაშობს. თუ გუნდში ორი-სამი ისეთი მოთამაშეა, რომელსაც მოედანზე არაორდინალური გადაწყვეტილების მიღება და შესრულება შეუძლია, ეს ამ გუნდისთვის ფუფუნებაა, მაგრამ ასეთი მოთამაშეები გუნდის მხარდაჭერის გარეშე მუდმივად წარმატებას ვერ მოგვიტანენ. ჩვენ გვჭირდება 18-20 ძლიერი მოთამაშე, დანარჩენი ყველაფერი ბონუსია. ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები მუდმივად წნეხის ქვეშ არიან. მათ ამ ზეწოლას უნდა გაუძლონ. გიორგის უმძიმესი ტრავმა ჰქონდა. გამოჯანმრთელდა, თამაში დაიწყო. ახლა დაუღალავი შრომაა საჭირო. ვურჩევ, რომ ნაკლებად მიაქციონ ყურადღება გარეშე სამყაროს და აუცილებლად უნდა ითამაშონ გუნდურად. ინდივიდუალიზმი არსად დაიკარგება, ყოველთვის იფეთქებს, მაგრამ გუნდური თამაში უმნიშვნელოვანესია.

შეგახსენებთ, თბილისის ლოკომოტივიდან შალკეში ლევან ყენია 2008 წელს გადავიდა. გერმანულ კლუბთან მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შალკეს გარდა ლევან ყენიას ლვოვის კარპატიში, დიუსელდორფის ფორტუნაში, პრაღის სლავიაში, ლუქსემბურგულ დუდელანჟშიც უთამაშია. ეროვნულ გუნდში მან 29 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის კარიერა ყენიამ საბურთალოში დაასრულა. 
KFC Uerdingen 05, კლუბი რომელშიც ლევან ყენია, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს, რეგიონალლიგის დასავლეთის ზონაში ასპარეზობს და 12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, გათამაშების ცხრილის ბოლო, მე-20 ადგილზე იმყოფება.  

კომენტარები

ბოლო ამბები