Thumbnail

მოყვარულთა ლიგა: ნაკლები გოლი, მეტი ინტრიგა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დაძაბული და საინტერესო შეხვედრების ქრონიკა
  • შედეგები, ცხრილები, ბომბარდირები და სიმბოლურები

მოყვარულთა ლიგაში თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

უმაღლესი ლიგა

თბილისის უმაღლეს ლიგაში მე-6 ტურის მატჩები შედგა.  თ.ს სასამართლო - ტტც-ს  დაპირისპირებაში ორივე გუნდმა დაცვაზე გააკეთა აქცენტი. საბოლოოდ, ტტც-მ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა მეტოქე.

ტტც-ს მცველებმა გიორგი გიგაურმა და გიორგი ჩაფიძემ შესანიშნავად ითამაშეს. შედეგად, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.

საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი გაიმართა პლატინუმსა და უქიმერიონს შორის. გულშემატკივარმა 7 გატანილი გოლი იხილა, უქიმერიონმა კი 5:2 დაამარცხა მეტოქე. უქიმერიონის ფორვარდი გიორგი ნათიძე ნახალოვკელ გიორგი პაპუაშვილთან ერთად სათავეში უდგას ბომბარდირთა დავას.

კვარტალი - ბასიანის დაპირისპირებამ ორმხრივ იერიშებში წარიმართა. ბასიანი უკეთესად და შედეგად, 3:1 გაიმარჯვა. 

სეუ 35-ე თბილისს დაუპირისპირდა და 5:2 გაიმარჯვა. გუნდებმა აქცენტი შემტევ ფეხბურთზე გააკეთეს, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა.

6 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს სეუ უდგას სათავეში, რომელსაც 5 მოგება, 1 მარცხი აქვს და შესაბამისად, 15 ქულა აქვს. მეორე ადგილზე 13 ქულით უქიმერიონია. შემდეგ, ერთბაშად სამი გუნდი მოდის 10-10 ქულით: 35-ე თბილისი, ტტც და გორგია.

პირველი ლიგა

თბილისის პირველი ლიგის ა ჯგუფის მე-5 ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ირაო - დელ მარის შორის შედგა. ირაო დიდ უპირატესობას ფლობდა და 5:1 დაამარცხა მეტოქე.

მეტეხმა აუტსაიდერ ვერასთან იოლი გამარჯვება მოიპოვა. ფავორიტმა ოთხი  უპასუხო გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეს.

კოლხეთმა მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა ზედაზენი.  გადამწყვეტი გოლი მატჩის მიწურულს თემურ ბეჩეხიამ შეაგდო. კოლხეთი მარცხის გარეშე ასპარეზობს.

კახორი ვაზისუბანი 1975-ს შეხვდა და 3:1 გაიმარჯვა. თორნიკე ნემსაძემ ჰეთთრიკი შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

დრამატული მატჩი გაიმართა იბერიასა და ქომაგებს შორის. ორივე გუნდმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა მოწინააღდეგის კართან. საბოლოოდ, იბერიამ 2:1 გაიმარჯვა.

სალერი-მიმინოს შეხვედრაში მარაკანაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სამი ულამაზესი გოლი იხილა. დაძაბულ პაექრობაში, მიმინომ 2:1 გაიმარჯვა.

სატურნირო ცხრილს ერთბაშად 3 ლიდერი ჰყავს - უქიმერიონი 1960-ს, კოლხეთს და ირაოს 13-13 ქულა აქვთ. 1 ქულით ნაკლები აქვს იბერიას, კახორი კი 11 ქულით საუკეთესო ხუთეულს აბოლოებს. ჯერჯერობით უქულოდ ასპარეზობენ ვერა და ვაზისუბანი 1975.

თბილისის პირველი ლიგის ბ ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში, ვაკე და დინამო სოხუმი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დინამოს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მოწინააღმდეგე და 9:0 მოიგეს.

მეთოფეებმა ავაზას 6 უპასუხო გოლი გაუტანეს. ავაზა ჯერჯერობით უქულოდ ასპარეზობს.

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გრასრუტმა, რომელმაც თბილისი სითი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, 4:0 დაამარცხა. საქართელოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გრასრუტი ბასასთან ერთად ქულათა მაქსიმუმით უდგას სატურნირო ცხრილს სათავეში.

ბასას უკეთესი ბურთების შეფარდება აქვს, რაც დიდწილად გუნდის და ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ედგარ კაზარიანის დამსახურებაა.

სპარტა - ბეთმასტერის შეხვედრაში 5 გოლი გავიდა. ბეთმასტერი 3:0 დაწინაურდა, თუმცა სპარტა არ დანებდა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 3:2.

ტიფლისი მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა გლდანთან, ხოლო ტაბახმელა - ჯითისი-ს მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა: ბასას და გრასრუტს 15-15 ქულა აქვთ. 12 ქულით მესამე ადგილზე გლდანია, მეოთხე პოზიციას კი 10 ქულით ბეთმასტერი იკავებს. ჯერჯერობით უქულოდ ასპარეზობს ავაზა.

მოყვარულთა ლიგა

მოყვარულთა ლიგა

მოყვარულთა ლიგა

მოყვარულთა ლიგა

მოყვარულთა ლიგა

კომენტარები

ბოლო ამბები