Thumbnail
  • ბარსელონა 3:1 ვალენსია | გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია
  • გოლები: 0:1 გაია (5), 1:1 ანსუ ფატი (13), 2:1 დეპაი (41. პენ), 3:1 კოუტინიო (85)

ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბარსელონამ ვალენსიას უმასპინძლა და გამარჯვების გემო გაიხსენა. რონალდ კუმანის გუნდი სანაკრებო პაუზაზე ძალიან ცუდ ხასიათზე გავიდა და ისიც არ იყო ცნობილი, შეინარჩუნებდა თუ არა, სამსახურს ნიდერლანდელი სპეციალისტი.

თუმცა, კუმანი ისევ ბარსას თავკაცია და კატალონურმა გრანდმა ვალენსიას პრობლემების გარეშე მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ "ღამურები" უკვე მე-5 წუთზე ხოსე გაიას გოლით დაწინაურდნენ. კატალონიელებმა პირველივე ტაიმში შეატრიალეს თამაშის ბედი - ანსუ ფატიმ მალევე გაათანაბრა, მერე კი მემფის დეპაიმ პენალტით ტაიმი მასპინძლებს მოაგებინა. მე-2 ტაიმში კუმანის შეგირდებმა უპირატესობა გაზარდეს: საბოლოო ანგარიში ფილიპე კოუტინიომ დააფიქსირა.

ანსუ ფატი ნელ-ნელა ფორმაში შედის

ბარსელონამ 15 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად ლიდერ სოსიედადს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. აღვნიშნოთ, რომ ბარსაში სერხიო აგუეროს დებიუტი შედგა, რომელიც თამაშის მიწურულს გავიდა მინდორზე. ვალენსიას კი კარგი სტარტის მერე კრიზისი აქვს, რადგან 5 ტურია ვერ იგებს. ხოსე ბორდალასმა უპირატესობა ამჯერადაც იასპერ სილესენს მიანიჭა. შესაბამისად, ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

საინტერესო ფაქტები

⚽ სერხიო აგუერომ 2011 წლის 21 მაისის შემდეგ ლა ლიგაში პირველად ითამაშა. საინტერესოა, რომ მისი დღევანდელი თანაგუნდელი გავი მაშინ მხოლოდ 6 წლის და 289 დღის იყო.

⚽ მემფის დეპაიმ ბარსელონაში პირველად მოახერხა ერთ მატჩში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება.

ბარსელონა 3:1 ვალენსია

გოლები: 0:1 გაია (5), 1:1 ანსუ ფატი (13), 2:1 დეპაი (41. პენ), 3:1 კოუტინიო (85)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო (71. მინგესა), პიკე, გარსია, ალბა - დე იონგი, ბუსკეტსი, გავი (71. ნიკო) - დესტი (87. აგუერო), დეპაი, ანსუ ფატი (59. კოუტინიო)

ვალენსია (4-1-4-1): სილესენი - ფოლკიე (75. მუსა), პაულისტა, დიახაბი, გაია - გილამონი (86. კოშტა) - სოლერი, ვასი, გომესი (87. ვალეხო), დურო (59. მარკოს ანდრე) - გედეში (75. ჩერიშევი)

კომენტარები

ბოლო ამბები