Thumbnail
  • გრიგალაშვილი ოქროსთვის, მაისურაძე და სანებლიძე ბრინჯაოსთვის იბრძვიან
  • პარიზის გრანდ სლემზე საქართველოსთვის დღე კარგად მიმდინარეობს

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვიან.

გრიგალაშვილმა (81 კგ.) ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო. ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ასპარეზობაში კი მონღოლ მურენტსენ ბატულგასთან შეხვედრით ჩაერთო, რომელსაც ვაზარით აჯობა. 1/4-ფინალში ტატომ ფრანგი ტიზიე გნამიენი იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ სოტარო ფუჯივარას ვაზარით სძლია და ფინალში ამგვარად გავიდა, სადაც ისევ იაპონელი მეტოქე ეყოლება - ტაკეში სასაკი.


ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ლუკა მაისურაძე (90 კგ.), რომელმაც რუს დავიდ ოგანისიანს ვაზარით მოუგო, 1/4-ფინალში კი იაპონელ კენტა ნაგასავასთან იპონით მარცხი განიცადა. თუმცა, ლუკამ დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, რომლის პირველ წრეში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს ვაზარით აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე ფრანგი ალექსის მატეუ იქნება. ამავე წონაში ბრნჯაოსთვის გავა ტატამიზე პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძე, რომელმაც ნახევარფინალში წააგო.


ლუკა მაისურაძის მსგავსი გზა გაიარა ონისე სანებლიძემ (100 კგ.), რომელმაც საწყის შეხვედრაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ხამზატ საპარბაევი იპონით დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში იპონით თავად დამარცხდა რუმინელ ესლი გონსალესთან და რეპეშაჟში გააგრძელა ასპარეზობა. ონისემ ფრანგ კლემენ დელვერს მძიმე ბრძოლაში, დამატებით დროში ვაზარით მოუგო და ბრინჯაოს მედლამდე ერთი მოგება აკლია. გადამწყვეტ შეხვედრაში ონისეს მეტოქე ხორვატი ზლატკო კუმრიჩი იქნება. ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს აქტივში 1 ბრინჯაოს მედალია, რომელიც 16 ოქტომბერს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები