Thumbnail
  • დანი ალვეში თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბს ეძებს
  • 38 წლის მცველმა საკუთარ თავი ბარსელონასაც შესთავაზა

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში მზადაა ბარსელონაში დაბრუნდეს. 38 წლის მცველმა თქვა, რომ თუ ყოფილ კლუბში მას საჭიროდ მიიჩნევენ, უბრალოდ შეუძლიათ დაურეკონ და ფინანსური საკითხი მისთვის ბარსასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი არ არის.

კატალონიური გრანდის გეგმებში დანი ალვეში, ალბათ, არ შედის, მაგრამ ფაქტია, რომ სამხრეთამერიკელმა მცველის დაბრუნებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

"მსოფლიოში ერთადერთი ადგილი, სადაც სახლი მაქვს, ბარსელონაა და თუ ბარსაში მიაჩნიათ, რომ მათ ვჭირდები, უბრალოდ საკმარისია დამირეკონ. სან პაულუსთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ გადავწყვიტე მცირე ხნით დამესვენა, ცხადია ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ველოდები შემოთავაზებებს, რომ რომელიმე გუნდთან კონტრაქტი გავაფორმო. ვეძებ კლუბს, რომელიც საშუალებას მომცემს მაღალ დონეზე ვითამაშო და ტიტულებისთვის ვიბრძოლო, როგორც ამას სევილიაში, ბარსელონაში, იუვენტუსსა და ყველა იმ გუნდში ვაკეთებდი, სადაც მითამაშია", - თქვა დანი ალვეშმა.

დანი ალვეშმა კარიერის საუკეთესო წლები ბარსელონაში გაატარა

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშმა ბარსელონაში 2008-2016 წლებში ითამაშა და 391 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა. ბრაზილიელ ფეხბურთელს ასევე უთამაშია ბაიას, სევილიას, იუვენტუსისა და პარი სენ-ჟერმენის რიგებში, ხოლო 2019 წლიდან სან პაულუს ღირსებას იცავდა, რომლის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო გუნდი დაახლოებით 2 თვის წინ დატოვა. ბრაზილიის ნაკრებში 38 წლის მცველის ანგარიშზე 119 მატჩში 8 გოლია, ხოლო აგვისტოში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები