Thumbnail

აზაროვის გოლით და საგოლე პასით - დინამო ბათუმმა აჭარული დერბი მოიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონატში 29-ე ტური დაიწყო და დინამო ბათუმმა ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. გია გეგუჩაძის გუნდი აჭარულ დერბიში შუქურას ესტუმრა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა - 2:0.

თავიდანვე ვთქვათ გამორჩეული ამბის შესახებ: ბათუმური გუნდის გულშემატკივრებმა კი ამ მატჩისთვის საინტერესო აქცია მოიფიქრეს - ბათუმიდან ფოთში გემით გაემგზავრნენ. აღსანიშნავია, რომ ფანების ერთი ქალაქიდან მეორეში თამაშზე გემით ჩასვლა ქართულ ფანკულტურაში პირველი შემთხვევაა.

რაც შეეხება თამაშს: პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა - დინამო ბათუმი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნამდე საქმე ვერ მიჰყავდა და ყველაზე ახლოს გოლთან გიორგი ფანცულაია იყო, რომლის დარტყმა 34-ე წუთზე გიორგი გაფრინდაშვილმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა, ბათუმელები უტევდნენ, ქობულეთელები - თავს იცავდნენ. თუმცა, შანსი გიორგი შაშიაშვილის გუნდმაც მიიღო, როდესაც ლაზარე კუპატაძემ ჯეფერსონ ჯერალდოს ჯარიმა მოიგერია.

65-ე წუთზე კი ანგარიში გაიხსნა. მარცხენა ფლანგზე ირაკლი აზაროვმა შესანიშნავად ითამაშა და საჯარიმოში თორნიკე გაფრინდაშვილი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. აღსანიშნავია, რომ გაფრინდაშვილი თამაშში შეცვლაზე ჩაერთო, ხოლო აზაროვმა საქართველოს ნაკრების შემდეგ საგოლე პასი კლუბშიც მიითვალა.

მატჩის დასრულებამდე საკმაო დრო იყო დარჩენილი (25 წუთი), მაგრამ შუქურა ვერ ახერხებდა თამაშში გარდატეხის შეტანას. დინამო ბათუმი მომდევნო მატჩის წინ ძალებს მაქსიმალურად ზოგავდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე სტუმრებმა სხვაობა მაინც გაზარდეს. აზაროვმა შორი მანძილიდან დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა. ამგვარად, ნიჭიერმა მარცხენა მცველმა გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა - გოლით და საგოლე პასით.

დინამო ბათუმს სეზონის ფინიშამდე 7 ტურით ადრე 63 ქულა აქვს და დინამო თბილისს 10 ქულით გაასწრო, მაგრამ დედაქალაქურ კლუბს 29-ე ტურში ჯერ არ უთამაშია (ტორპედოს შეხვდება). შუქურას გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა და 25 ქულით მე-9 პოზიციაზე, პლეი აუტის ზონაშია.

გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში 20 ოქტომბერს, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთადერთ კონკურენტ დინამო თბილისს უმასპინძლებს, ხოლო შუქურა სტუმრად აუტსაიდერ სამტრედიას დაუპირისპირდება.


შუქურა 0:2 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 გაფრინდაშვილი (65), 0:2 აზაროვი (90)

შუქურა (4-2-3-1): შეროზია - გაფრინდაშვილი, ჭანტურია, რეხვიაშვილი, ხმალაძე - კაკაშვილი (82. ექვთიმიშვილი), ვარშანიძე - მუსელიანი (71. კაბრალი), სარდალიშვილი (76. ინგოროყვა), კომახიძე (82. კვარაცხელია) - ჯერალდო

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე (46. გაფრინდაშვილი), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, ალთუნაშვილი - მამუჩაშვილი, ჯოვინო (83. ზურაბიანი), ჯიღაური (83. შინდაგორიძე) - ფანცულაია (66. ნავალოვსკი)

კომენტარები

ბოლო ამბები