Thumbnail

NBA-ს 2021/22 წლების სეზონის დაწყებამდე ლიგის გუნდებმა პრესეზონის ბოლო მატჩები ჩაატარეს. გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა საკუთარ მოედანზე კლივლდენ კავალიერსი მიიღო და 16 ქულის სხვაობით დამარცხდა, თუმცა პირადად 20 წლის ქართველი ცენტრისთვის ეს თამაში წარმატებული იყო.

გოგამ ამ შეხვედრაში 23:28 წუთი ითამაშა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა - 18 ქულა, რაც ამ მატჩში ორივე გუნდში საუკეთესო შედეგიც იყო! ბითაძემ 7 სამქულიანიდან 4 ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან - 3-იდან 2, საჯარიმოდანაც - 3-იდან 2. მის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა (1 შეტევაში, 5 დაცვაში) და 3 დაფარება იყო, პლუს - არცერთი დაკარგვა და პერსონალური ფოლი.

მატჩის შემდეგ ქართველმა ცენტრმა კომენტარი გააკეთა. როგორც ბითაძემ აღნიშნა, რთულია თავდაჯერების შენარჩუნება, როცა ცოტა სათამაშო დრო გაქვს, მაგრამ ეს არის NBA, სადაც პროფესიონალიზმი უნდა შეინარჩუნო და თავდაუზაგოვად ივარჯიშო.

"შესანიშნავი გრძნობაა, ჩემი სროლების ვირწმუნე. უბრალოდ საჭიროა ივარჯიშო და შენი სროლის გჯეროდეს, რაც ძალიან ძნელია, როცა არ თამაშობ და ხედავ არაზუსტ სროლებს. მიუხედავად ამისა, უბრალოდ ვარჯიში უნდა გააგრძელო და მოემზადო. არ მოვიტყუები, რა თქმა უნდა, ძნელია, როცა არ იცი როდის გახვალ სათამაშოდ, მაგრამ პროფესიონალად უნდა დარჩე, ეს NBA არის. როცა შანსი გექნება, მზად უნდა იყო", - თქვა ბითაძემ.

გოგამ მეტოქის კალათში 4 სამქულიანი ჩააგდო

ქართველი ცენტრის თამაშით კმაყოფილი დარჩა ინდიანას მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი, რომლის თქმით, გოგას შესანიშნავი თვისებები აქვს და მან უნდა ირწმუნოს თავისი შესაძლებლობების.

რიკ კარლაილი (ინდიანა პეისერსის მწვრთნელი): "გოგას თამაში ნამდვილად მომეწონა. აგრესიული იყო, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. თავდაჯერებულად თამაშობდა, ფარს იცავდა და გადამწყვეტი ბურთები მოხსნა. მას ყველაფერი აქვს, რომ თავისი შესაძლებლობების ირწმუნოს, ბევრს მუშაობს და საკუთარ თვისებებს უნდა დაუჯეროს. მისი სიმაღლისთვის უნიკალური უნარები გააჩნია.

ცენტრის პოზიციაზე 4 ძალიან კარგი მოთამაშე გვყავს, თანაც ყველა ახალგაზრდაა. დომანტასი და მაილსი 25 წლისანი არიან, მე, როცა NBA-ში პირველად ვითამაშე, 25 წლის ვიყავი, იზაია 19 წლისაა, ხოლო გოგა - 22 წლის. ეს ბიჭები საინტერესო და ახალგაზრდა კალათბურთელები არიან, ამიტომ, დიდი ფუფუნება გვაქვს. ღრმა შემადგენლობა გვყავს და ვიცით, რომ ისინი ყველანი მზად არიან".

ბითაძის შესახებ მოკლე კომენტარი მისმა თანაგუნდელმა და ინდიანას ერთ-ერთმა ლიდერმა მაილს ტერნერმაც გააკეთა:

"მას თვითრწმენა შეემატა. ვფიქრობ, ვარჯიშზე შეგიძლია ის გააკეთო, რაც გინდა, მაგრამ რეალურად ამის თამაშში გაკეთებისთვის მთავარი თავდაჯერებულობაა. კარგია, რომ ეს ყველაფერი პრესეზონის ბოლო მატჩში მოხდა და იმედი მაქვს, რომ ეს თამაში მას პოზიტიურ იმპულსს მისცემს", - აღნიშნა მან გოგას შესახებ.

ინდიანა პეისერსი NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატს 21 ოქტომბერს დაიწყებს. ბითაძის გუნდი სტუმრად შარლოტ ჰორნეტსს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები