Thumbnail

'ოცნება აგვიხდინეთ, ძალიან მიხარია!' - შავი ზღვის პირატები ფოთში გემით ჩავიდნენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 📅 16 სექტემბერი | ⌚ 14:30 | ⚽ შუქურა V დინამო ბათუმი
  • 'შავი ზღვის პირატებმა' დიდი ხნის ოცნება აისრულეს
  • დინამო ბათუმის ფანები გუნდის საქომაგოდ ფოთში გემით ჩავიდნენ

16 ოქტომბერს დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრას ფოთში ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს. ბათუმური გუნდის გულშემატკივრებმა კი ამ მატჩისთვის საინტერესო აქცია მოიფიქრეს - ერთი ზღვისპირა ქალაქიდან მეორეში გემით გაემგზავრნენ. 

აღსანიშნავია, რომ ფანების ერთი ქალაქიდან მეორეში თამაშზე გემით ჩასვლა ქართულ ფანკულტურაში პირველი შემთხვევაა და შესაბამისად, "შავი ზღვის პირატებისთვის", რომლებსაც მსგავსი აქციის ჩატარება ოცნებად ჰქონდა, ისტორიული დღეა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა. ასეთი ჩანაფიქრი 8 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გვქონდა, მაგრამ ჩვენ, ქობულეთი და ფოთი ვერ ვემთხვეოდით ერთმანეთს და იდეის განხორციელებას ვერ ვახერხებდით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე დადგა. ფოთში შუქურა გვმასპინძლობს. "დელა მანდარინა" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ბათუმიდან თამაშზე გემით ჩამოსვლა პირველად შევძელით. დიდი მადლობა "პოპსპორტს", რომ ეს ოცნება აგვიხდინეთ. ძალიან გახარებული ვარ. იმედია, გუნდის გაიმარჯვებს და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ჩემპიონობისკენ", - განაცხადა "შავი ზღვის პირატების" ლიდერმა გივი გაგუამ.

"შავი ზღვის პირატები" საყვარელი გუნდის საქომაგოდ ბათუმის საიალქნო კლუბიდან ფოთის საიალქნო კლუბისკენ, დილის 6 საათზე გაემგზავრნენ. მართალია, კოვიდრეგულაციების გამო, ეროვნული ლიგის მატჩებზე გულშემატკივრების დასწრება აკრძალულია, მაგრამ ასამდე ბათუმელი ფანი "ფაზისზე" დაგეგმილი თამაშის დროს თავის გუნდს სტადიონის გარედან მაინც გაამხნევებს.

დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 60 ქულით ლიდერობს. გია გეგუჩაძის გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კვალში დინამო თბილისი უდგას, რომელსაც 7 ქულით ნაკლები აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები