Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, შესაძლოა, ქირურგიულ ჩარევას გადაურჩეს, ეს კი, მის მოედანზე დაბრუნებას შედარებით მოაახლოებს.

რუსულმა გრანდმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ მძიმე ფორვარდს ზენიტთან მიღებული ტრავმის გამო მინიმუმ 2 თვის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა, საღამოსკენ შედარებით იმედისმომცემი განცხადება გააკეთა კლუბის პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა:

“ერთბაშად 3 ქვეყნიდან შევკრიბეთ ექიმები, რომლებიც მხრის სახსრის მკურნალობაზე არიან სპეციალიზირებულნი და თორნიკე მკურნალობის ტაქტიკას სწორედ ისინი განიხილავენ. შესაძლოა, ოპერაცია თავიდან ავირიდოთ და მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობა დაგვჭირდეს”.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ მიმდინარე სეზონი ძალიან შედეგიანად დაიწყო და ევროლიგის სამი ტურიდან ორჯერ (ბოლო ორში ზედიზედ) MVP გახდა. მას ევროლიგის სამ შეხვედრაში საშუალოდ 21 ქულა, 6 მოხსნა, 1.7 პასი და 1.3 ჩაჭრა აქვს. ზენიტთან უკანასკნელ მატჩში თორნიკემ 33 ქულა ჩააგდო, რითაც ევროლიგის პირადი რეკორდი დააფიქსირა.

კომენტარები

ბოლო ამბები