Thumbnail

რუსული ენისეის მწვრთნელი: ეტყობა, ჰგონიათ, რომ თბილისში ჩასვლა იოლია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'შავი ლომი სერიოზული გუნდია, რომლის შემადგენლობის ნახევარს ვიცნობთ'
  • ალექსანდრ პერვუხინი უკმაყოფილოა, რომ ქართველებს შინაურ სტადიონზე ვერ დაუხვდება

კრასნოიარსკის ენისეის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა რაგბი ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის მეტოქეებზე, მათ შორის, ქართულ ფრენჩაიზ შავ ლომზე ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ მის გუნდს შინაურ კედლებში თამაშის საშუალება არ მიეცა.

“როგორც იქნა, ჩვენს ჯგუფში ქართული და ებრაული ფრენჩაიზებიც ითამაშებენ. რას წარმოადგენს შავი ლომი, ნამდვილად ვიცით. ეს საკმაოდ სერიოზული გუნდია, რომლის შემადგენლობის დაახლოებით ნახევარს ვიცნობთ და მათი პოტენციალიც ცნობილია. ისინი ჩვენთვის კარგი მეტოქეები იქნებიან. რა დონისაა თელ ავივი, ძნელი სათქმელია. შემადგენლობაში 11 ლეგიონერის ყოლაა შესაძლებელი, მათ კი უკვე 23 მორაგბე ჰყავთ სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული. რეალურად რა შეუძლიათ, ქართველებთან მატჩში გამოჩნდება.

ცუდი ისაა, რომ მათთან ვითომდა საშინაო მატჩებს ჩვენს სტადიონზე ვერ ჩავატარებთ. რაგბი ევროპას ოფიციალური წერილითაც მივმართეთ, თუმცა, დამაიმედებელი არაფერია. საქმე ისაა, რომ შეჯიბრის პრეზენტაციის დროს ასეთი დათქმა გაკეთდა: თუკი რუსეთის ჩემპიონი ციმბირული გუნდი გახდებოდა, საშინაო მატჩები მოსკოვში ანაც ქვეყნის დასავლეთ ნაწილის სხვა ქალაქში უნდა ჩაეტარებინა. არადა, მზად ვიყავით ყველა ფინანსური საკითხი ჩვენს თავზე აგვეღო. ნამდვილად გვერჩივნა მოსკოვიდან კრასნოიარსკამდე მგზავრობა აგვენაზღაურებინა, ვიდრე თავად ჩავიდეთ სხვაგან და ცხოვრების და მოედნის ხარჯები ვიხადოთ.

თუმცა, აქ დღის წესრიგში 4-საათიანი ფრენის საკითხი დგება და გვიპასუხეს, რომ ეს მოთამაშეთა კეთილდღეობის სტანდარტებს არღვევს. საოცარი ისაა, რომ ამ შემთხვევაში, რაგბი ევროპა იგივე ენისეის მორაგბეების კეთილდღეობას არაფრად აგდებს. მათ სწორედ ეს ვკითხეთ. როდესაც კრასნოიარსკი-მოსკოვი-სტამბული-თბილისი ან თელ ავივის მარშრუტი უნდა გავიაროთ, ეს იოლია? ეტყობა, ასე ჰგონიათ. სამწუხაროა, რომ ისინი მხოლოდ აღნიშნულ დათქმას აფრიალებენ. ბოლოს იმაზე მაინც დაგვთანხმდნენ, რომ საკითხს ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გადახედავენ. ასე რომ, ამოცანა ნათელია: ნახევარფინალში უნდა გავიდეთ და პლეი ოფის მატჩების კრასნოიარსკში ჩატარება კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ”.

შავი ლომი სუპერთასის პირველი მატჩისთვის ემზადება

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციაში შავი ლომი (საქართველო), თელ ავივ ჰითი (ისრაელი), ენისეი (რუსეთი) და ლოკომოტივ პენზა (რუსეთი) ირიცხებიან. შავი ლომი სადებიუტო მატჩს თელ ავიველებთან ხვალ, 16 ოქტომბერს, ავჭალის სტადიონზე ჩაატარებს, რუსულმა გუნდებმა კი უკვე 2-ჯერ ითამაშეს ორივე შემთხვევაში გამარჯვება ენისეის დარჩა.

დასავლეთ კონფერენციაში 2 მოგებით პორტუგალიური ლუზიტანოსი ლიდერობს, რომლის მეტოქეებიც დელტა (ნიდერლანდები), ბრიუსელი (ბელგია) და კასტილია (ესპანეთი) არიან. ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს. ნახევარფინალები გაისად აპრილშია დაგეგმილი, ფინალი კი მაისში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები