Thumbnail

'იმედია, ყველაფერი წარმატებით ჩაივლის' - ცინცაძეს ისევ ოპერაცია ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა კვლავ მძიმე ტრავმა მიიღო
  • ის გაისად თბილისში დაგეგმილ ევრობასკეტზე თამაშის იმედს არ კარგავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერან კალათბურთელ გიორგი ცინცაძეს, რომელმაც მორიგი ტრავმა მიიღო, ოპერაციის გაკეთება მოუწევს, ხოლო როდის დაუბრუნდება მოედანს, ჯერჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ცინცაძემ ოქტომბრის დასაწყისში თსუ-ს მაისურით დუდუ დადიანის მემორიალზე ითამაშა, თუმცა, შეჯიბრება ვერ ჩაამთავრა, რადგანაც მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო – ჯვარედინი იოგები გაუწყდა.

“ოპერაციაა საჭირო, ვემზადები და მომავალ კვირაში გავიკეთებ. ისეთივე დაზიანებაა, როგორიც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მაკედონიასთან მატჩისას მივიღე. იმედი მაქვს, ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და მალე დავუბრუნდები მოედანს. ძალიან მინდა საქართველოს ნაკრებს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე დავეხმარო. ეს საკალათბურთო ზეიმი იქნება – ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ხომ თბილისში ვითამაშებთ. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ენერგიაც მეტია და წარმატების შანსიც”, - განაცხადა ქართველმა კალათბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ 2011-ში მაკედონიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ ცინცაძეს რეაბილიტაციისთვის 6 თვე დასჭირდა, მომავალი ევრობასკეტი კი, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც თბილისი იქნება, გაისად სექტემბერში აიღებს სტარტს. ცინცაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, საერთო ჯამში, 187 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მხრივ, ყველა დროის რეკორდსმენია.

კომენტარები

ბოლო ამბები